სააკაშვილი: 2012 წელს საქართველოს შავი ჭირი რომ არ შეყროდა, ლაზიკას პორტი გვექნებოდა

მიხეილ სააკაშვილიოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, უკრაინის პორტზე გადაღებულ ვიდეომასალას აქვეყნებს, სადაც იგი იქ შეკრებილი ხალხის წინაშე სიტყვით გამოდის. მის თქმით, თუ უკრაინის სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურად მუშაობა განხორციელდება, უკრაინა ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად იქცევა.

“დღეს უკრაინამ გეოპოლიტიკურ რეალობაში დიდი წინსვლა განახორციელა. უკრაინა-ჩინეთის მარშუტის მქონე კონტეინერები, უკრაინის პორტების გამოცოცხლებას უზრუნველყოფს, შექმნის სამუშაო ადგილებს და შეიძლება სწორედ იმ ფაქტორად იქცეს, რამაც ოდესის ოლქის ეკონომიკური სასწაული მოახდინოს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა შეწყდეს ადმინისტრაციული უკანონობა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება. როგორც კი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების ნორმალურად მუშაობას უზრუნველვყოფთ, უკრაინა მაშინვე იქცევა ევროპის ყველაზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად!”, – აღნიშნავს სააკაშვილი.

ოდესის გუბერნატორი საუბარს ქართულად აგრძელებს, “ვინაიდან იქ ქართული ტელევიზიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ” და აცხადებს, რომ რაც არ მოასწრებინეს და გაუფუჭეს, აუცილებლად დაამთავრებს.

“თქვენი ნებართვით, რამდენადაც აქ ქართული ტელევიზიის წარმომადგენლებიც არიან, რამოდენიმე ფრაზას ქართულად ვიტყვი და შემდეგ უკრაინულად და რუსულად.

როდესაც ვაშენებდით ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას, ყველა დამცინოდა და იძახდა, რომ ვერ დავტვირთავთ. მე ვამბობდი, რომ დავტვრთავთ აუცილებლად, იმიტომ, რომ გაჩნდება ახალი ტვირთი, ახალი ბრუნვა დაგვემატება და რუსეთის ტვირთებს წამოვიღებთ აქეთ. არავის ეს არ სჯეროდა. ეს უბედურება, რომ არ დამართნოდა საქართველოს, ის შავი ჭირი რომ არ შეყროდა 2012 წელს, ეს სისულელე რომ არ მომხდარიყო, დღეს უკვე იქნებოდა ლაზიკას პორტი და მთელ ტვირთებს, რომელიც აქ ვერ წამოვიდა, რომელიც უნდა წამოსულიყო, წამოვიღებდით ლაზიკათი.

დიდი დანაშაული იქნა ჩადენილი, როდესაც 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან შეაჩერეს ლაზიკას პორტის მშენებლობა. ის უკვე, 2 წლის მინიმუმ, დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუ არა 3 წლის. მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთეთ ეს პროექტი და ასე გავაგრძელებთ მუშაობას და საქართველოშიც ყველაფერი შეიცვლება და დაგება უკეთესი დროც. რაც მოვასწარით, მოვასწარით, რაც არ მოგვასწრებინეს, გაგვიფუჭეს, აუცილებლად იქნება უკეთესი სიტუაცია და დავამთვარებთ ყველაფერს”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

1 thoughts on “სააკაშვილი: 2012 წელს საქართველოს შავი ჭირი რომ არ შეყროდა, ლაზიკას პორტი გვექნებოდა

დისკუსია დახურულია.