“მეგონა, რომ ის აღარ იყო პარლამენტის წევრი”-თანაგუნდელები თოფაძის წინააღმდეგ

pageიუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „ქართული ოცნება – მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებას გაუაზრებელს უწოდებს და აცხადებს, რომ დეპუტატის განცხადება ყველანაირ დასაშვებობის ჩარჩოს სცდება. „ვფიქრობ, რომ ეს განცხადება იყო ალბათ უფრო გაუაზრებელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს განცხადება ცდება ყოველნაირ დასაშვებობის ჩარჩოს. არ მგონია, რომ ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს მე, პირადად ვუხდი ბოდიშს და ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო ვართ და ის მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე ვმუშაობთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის ცალსახად მიუღებელი“, – განაცხადა წულუკიანმა.

გოგი თოფაძის განცხადება პრეზიდენტზე აქტუალობას დღესაც არ კარგავს. შეფასებები ისევ კეთდება საკანონმდებლო ორგანოში. უმრავლესობის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი კოლეგის განცხადების კომენტირებისას ამბობს, რომ გოგი თოფაძემ თავის გამოსვლისას სავარაუდოდ რაღაც წყარო გამოიყენა.

“რამდენადაც ვიცი, გოგი თოფაძე რაღაც წყაროს ეყრდნობოდა განცხადების გაკეთებისას. საპარლამენტო ტრიბუნიდან კი ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ ბევრად უფრო არაკორექტულ განცხადებებს. ყველა ადამიანი ლაპარაკობს თავისი სტილით. ამ ციტატაზე კი ალბათ თოფაძეს აქვს წყარო და თუ არა აქვს, მაშინ შეცდომაში შეიყვანა ვიღაცამ”, – განუცხადა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან.

თავდაცვის მინისტრმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაუნის სინდრომის მქონე პირების მხარდამჭერი ფოტო გამოაქვეყნა -“ეს არის ჩემი პასუხი” წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.

მანამდე კი ხიდაშელმა გოგი თოფაძის მიერ გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოეხმაურა და დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გაუგებარი უწოდა.

“მე უკვე მეგონა, რომ ის უკვე აღარ იყო პარლამენტის წევრი, რადგან ყველას გვახსოვს მან ეს განცხადება ერთხელ უკვე გააკეთა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ის განცხადებები, რომელიც მისგან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ. ბოდიშის მოხდა ისეთი თემაა, რომელსაც ვერავის დაავალდებულებ. ადამიანს ან გაქვს განცდა, რომ ბოდიში გაქვს მოსახდელი ან არა,” – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს პარლამენტის წევრი გოგი თოფაძე, საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის პრეზიდენტს ქართველი ხალხის “დაუნებად” მოხსენიებაში ადანაშაულებს, ბოდიშს იხდის. როგორც თოფაძე აღნიშნავს, პარლამენტის ტრიბუნიდან მან მხოლოდ პრეზიდენტის სიტყვების ციტირება მოახდინა. “გუშინდელ ჩემს გამოსვლას არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა საზოგადოებაში და ჩემი სიტყვები არასწორად იყო აღქმული. მე მხოლოდ მოვახდინე გიორგი მარგველაშვილის სიტყვების ციტირება, რომელიც ჟურნალ „დრო მშვიდობა“-ში სათაურით „ნიჩურტა! – მე ქართველი ვარ“ იქნა გამოქვეყნებული და მივუთითე, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება ქართველ კაცს არ ეკადრება და იმ შემთხვევაში თუ ბატონი პრეზიდენტი ქართულ საზოგადოებას ამგვარ შეფასებას აძლევს, მაშინ მას ამ ქვეყნის პრეზიდენტობაც არ უნდა ეკადრებინა. ჩემთვის, როგორც საზოგადოების ნაწილისთვის მარგველაშვილის ამგვარი სიტყვები შეურაცმყოფელია. არავისთვის შეურაწყოფის მიყენება არ მიფიქრია და თუ ჩვენი საზოგადოების ნაწილის მხრიდან ჩემი სიტყვები ამგვარად იყო აღქმული, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ წინაშე ბოდიშს ვიხდი. აქვე მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მანაც მოიხადოს საზოგადოების წინაშე ბოდიში იმ სიტყვებისთვის, რომლითაც მან ქართველი ერი შეურაცხყო. ჩემთვის საზოგადოება არის ერთიანი და მის დიფერენციაციას არ ვახდენ”, – აღნიშნულია გოგი თოფაძის განცხადებაში.