რატომ არ უშვებენ აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს ბორდის სხდომაზე

აჭარის ტელევიზია29 იანვარს, აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა, ირაკლი ანთიძემ აჭარის ტელევიზიასთან პატრულის ორი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიცია გამოიძახა. ანთიძეს ტელევიზიაში, ბორდის საბჭოს სხდომაზე სურდა დასწრება, თუმცა იგი ტელევიზიის დაცვამ შენობაში არ შეუშვა.

„უკვე მეხუთე შეხვედრაა, როდესაც ვცდილობ დავესწრო. ჩემს წინააღმდეგ არის დისკრიმინაციული ქმედებები განხორციელებული. არ მიშვებენ, რადგან თურმე იქ ვიქცევი არაადეკვატურად, მათი განმარტებით. სოსო სტურუას [აჭარის ტელევიზიის ხემძღვანელი] ჩადენილი აქვს კრიმინალი, თუნდაც ის ფაქტი, როცა ვებგვერდიდან მოხსნა ვიდეომასალა. როცა ადამიანს ამხელ, მისთვის არასასიამოვნოა ეს მომენტი, მაგრამ უნდა ვამხილო, იმიტომ, რომ არ შეიძლება სახელმწიფო ქონებას განაგებდნენ ასეთი ადამიანები.

არღვევენ კანონს მაუწყებლობის შესახებ, 35 მუხლს, რომლის თანახმადაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დაესწროს საბჭოს სხდომას.

დღეს ვაპირებდი მისვლას და უბრალოდ მოსმენას, რა იციან მათ, რა მოხდებოდა. ისინი ამბობენ, შენ ამას გააკეთებ. ამ ლოგიკით, მე ვარ მძღოლი და მაშინ ვარ პოტენციური მკვლელი, ასე გამოდის.

გამოვიძახე პატრული და ვთხოვე კანონის აღსრულებაში ხელი არ შეეშალა ტელევიზიის დაცვას. დაცვა ამბობს, რომ სიტყვიერი ბრძანებაა, ირაკლი ანთიძე არ დაიშვან სხდომაზე, ვერ აკონკრეტებენ – ვისგან. მე ვეუბნები, რომ წერილობითი ბრძანება უნდა იყოს, რაც არ არის. ვეცადე შესვლა, დამიწყეს ძიძგილაობა და ჩემდა გასაოცრად პატრულის თანამშრომელი ეხმარებოდა მათ, რომ მე არ შევსულიყავი შიგნით. გამოვიძახე მეორე საპატრულო ეკიპაჟი, რადგან პირველი ეკიპაჟი არაადეკვატურად იქცეოდა.

კანონით მონიჭებული უფლება მინდოდა მომცემოდა, დავსწრებოდი სხდომას” – ამბობს ირაკლი ანთიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ზაზა ხალვაში „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ეს არის ბორდის ერთიანი გადაწყვეტილება:

“რადგან ის შეურაცხყოფას გვაყენებს, გვლანძღავს, უცენზურო სიტყვებით გვიხსენიებს სოციალურ ქსელებში. სამჯერ მივეცით ბორდის სხდომაზე დასწრების უფლება და სამჯერვე დამთავრდა სკანდალით, გაწევ-გამოწევით, მერე სასამართლოში იჩივლა და სასამართლომაც გაამტყუნა. სანამ ირაკლი ანთიძე ცივილური გზებით არ შეეცდება ურთიერთობას და თუ არ იქნება პირადი შეურაცხყოფები, არავის ჩვენ არ ვუშლით დასწრებას. ეგ კი გადმოდის შეურაცყოფაზე და მუშტი-კრივი გვაქვს იქ, ამით სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას ხელი ეშლება“.

წყარო: “ბათუმელები”