“90-იანი წლები დაბრუნდა” – ზვიადაურის სკანდალური განცხადება

5a19064პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი ზურაბ ზვიადაური სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ძიუდოში 90-იანი წლები ბრუნდება. ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ზვიადაურმა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღეს სპორტსმენებს არ აქვთ შეკრებებისა და ვარჯიშისათვის სათანადო პირობები. ზვიადაური მედიას მოუწოდებს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილსა და სპორტსმენებს შორის დამოკიდებლება საჯარო გახადონ.

“ყველასთვის გასაკვირი იქნება, რომ მე ამ განცხადებას ვაკეთებ, რადგან ცოტა ხნის წინ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი და ფედერაციაც საუკეთესოდ დასახელდა, რაც კარგია და ვაღიარებ, რომ ის წარმატებული ფედერაციაა, მაგრამ ფედერაცია წარმატებული იმ ბიჭებით არის, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და მას საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია. მინდა, რომ ვისაც ძიუდოს სამყაროზე გული შესტკივა, ასევე სპორტის სამინისტროს და მინისტრს ვთხოვოთ და მოვთხოვოთ, ყურადღება მიაქციონ და გადახედონ იმას, თუ რა ხდება ძიუდოს სამყაროში. გუშინ ჩემს მეგობრებს შევხვდი, რომლებიც ძიუდოს წამყვანი სპორტსმენები არიან, რომლებიც გვიხარია, რომლებსაც ტაშს ვუკრავთ და რომლებიც ქვეყანას ასახელებენ. სპოსრტმენები ვართ და ვიცით, რა სჭირდება სპორტსა და სპორტსმენებს. მათ გვერდზე დგომა და ის ელემენტარული პირობები სჭირდება, რაც ჩვენ 90-იან წლებში გვაკლდა. დღეს ვფიქრობ, რომ 90-იანი წლები დაბრუნდა და ბრუნდება, ვინაიდან ამის თაობაზე სპორტსმენების გულისტკივილი მოვისმინე. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი იმ ნაკრებს გათბობას არ ურთავს, რომელიც საქართველოში ნომერ პირველი სპორტია. ყველას ვთხოვ და მოვითხოვ კიდეც, რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციონ, მას დღესვე დაუძახონ და გაარკვიონ, თუ რა ხდება და რატომ არის მსგავსი მდგომარეობა ძიუდოში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფედერაცია წარმატებულია, ოღონდ იმ ბიჭებით, რომლებიც წელებზე ფეხს იდგამენ და დღე-ღამეს ასწორებენ, რათა ქვეყანა ასახელონ. სპორსტსმენებმა ვიცით, ის შრომა და წვალება რა არის, რომელსაც დაფასება უნდა. ბიჭები, რომლებიც შეკრებას გადიოდნენ, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სახლებში გაუშვა, ოთხი დღე არ დატოვა და მათ უთხრა, რომ სახლებიდან ევლოთ, რაც სწორი დამოკიდებულება არ არის. ბატონო შოთა (ხაბარელი), თქვენ ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყავით და იცით, თითოეული დღე როგორი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლიმპიური წელია”, – მიმართა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს შოთა ხაბარელს ზვიადაურმა.

შოთა ხაბარელის განცხადებით კი ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როდესაც ოლიმპიადა კარსაა მომდგარი და წინ სალიცენზიო შეჯიბრებებია ჩასატარებელი. დეპუტატების გადაწყვეტილებით ამ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

One thought on ““90-იანი წლები დაბრუნდა” – ზვიადაურის სკანდალური განცხადება

დისკუსია დახურულია.