საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება

ქობულეთი ბათუმის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტილია.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით გართულდა საავტომობილო გზებზე გადაადგილება. განსაკუთრებით რთულია მდგომარეობა აჭარისა და გურიის რეგიონში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი თოვა პრაქტიკულად არ შეწვეტილა.

ამ დროისათვის, დიდთოვლობის გამო, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის კმ 65–კმ 119 (ჩოლოქის ხიდი-სარფი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ 79–კმ 96 (ბობოყვათი–ქ.ბათუმის შესასვლელი) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ 65–კმ 79 და კმ 97–კმ 119 მონაკვეთზე თავისუფალია.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მთელ გზაზე თავისუფალია.

რაც შეეხება სხვა საავტომობილო გზებს:

ზვავშაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალულია გუდაური-კობის მონაკვეთზე;
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია: რიკოთისა და ნაქერალას უღელტეხილებზე, თბილისის შემოსავლელ გზაზე, ჩოლოქის ხიდი-სარფის მონაკვეთზე, გომი–საჩხერე–ჭიათურისა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზებზე;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული: მლეთა-გუდაურის მონაკვეთსა და გომბორის უღელტეხილზე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ყველა მიმართულებით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მივლინებული არიან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე უწევენ კოორდინაციას და მონიტორინგს მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოსახლეობას მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.