ფოთის პროკურორის ავტომობილი ბესელიას შვილის მეგობარმა ჩაცხრილა

ეკა ბესელიაფოთის პროკურორის ალექსანდრე გოგუაძის ავტომობილი სავარაუდოდ, დეპუტატ ეკა ბესელიას შვილთან დაახლოებულმა პირმა ჩაცხრილა.
აღნიშნული ინფორმაცია “რეგნიუსს” პროკურატურის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ექსკლუზიურად მიაწოდა.
“რეგნიუსი” წყაროს უსაფრთხოების დაცვის მიზნით სახელსა და გვარს არ ასაჯაროებს.
ინფორმაციის მომწოდებელი პიროვნება ამბობს, რომ აღნიშნული თემა ფოთში რამდენიმე სამართალდამცველმა იცის, თუმცა ხმამაღლა ვერ საუბრობენ.
“ეს კარგად დაგეგმილი, პროკურორის შეშინების ინსცენირება იყო. გათვლილი აშკარად არ ყოფილა, რომ პროკურორი ავტომობილში მოეკლათ. ის ამით შეაშინეს. შეაშინეს იმიტომ, რომ გოგუაძე არ აკეთებს იმას, რასაც მილორავა ეუბნება. ის არ იჭერს იმ ხალხს, რომელთა ასე, რომ ვთქვა სიაც ბესელიას შვილმა მილორავამ გადასცა პროკურორს. რაც შეეხება თავად ღამის საათებში განვითარებულ მოვლენებს -ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ფოთის პროკურორის ავტომობილი ჩაცხრილა და ადგილიდან მიიმალა მილორავასთან დაახლოებული პირია. ამ თემაზე ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებაში ჩუმად საუბრობენ, ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს ამბობს”, – ამბობს წყარო.
ცნობისთვის, ფოთის პროკურორის მანქანას 14 იანვარს ღამის საათებში ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილს თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე მართავდა. დაუდგენელმა პირმა გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დროს განახორციელა, როდესაც პროკურორი კუთვნილი ავტომობილით ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდა.
“ჰიუნდაის” ჯიპის ავტომანქანას 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. შემთხვევის შედეგად პროკურორი არ დაშავებულა.
ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
საქმეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
ინფორმაციისთვის, 2015 წლის 5 თებერვალს ინტერნეტ ტელევიზია “ფრეშნიუსმა” ასევე, გაავრცელა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო – ეკა ბესელიას შვილი ფოთის პროკურორსა და ფინანსური პოლიციის უფროსს პიროვნებების დაკავებას სთხოვდა, რაც შემდგომ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
აღნიშნულსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.
წყარო: ” რეგნიუსი”