მოსწავლეები ეპისკოპოს სპირიდონის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

მეუფე სპირიდონი

ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები უკვე მესამე დღეა საპროტესტო აქციას მართავენ. მოსწავლეების პროტესტი გამოიწვია ეპისკოპოს სპირიდონის მიერ სასწავლებლის ხელმძღვანელის გათავისუფლებამ. მოსწავლეები დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ. ხიჭაურის გიმნაზია საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.
ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეების საპროტესტო აქცია წყარო: ენმ-ის შუახევის ოფისის ფეისბუქგვერდიდან
ხიჭაურის გიმნაზიის მოსწავლეები პირველად პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე 20 იანვარს არ შევიდნენ, როდესაც საშობაო არდადაგებიდან დაბრუნებულებს გიმნაზიის ხელმძღვანელი, ნუგზარ ზოსიძე გათავისუფლებული დახვდათ. პროტესტი გაგრძელდა 21 იანვარსაც. საპროტესტო აქცია მოსწავლეებს არც დღეს შეუწყვეტიათ. საპროტესტო ტალღა დღეს კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან დღეს მათთან გამოსამშვიდობებლად მივიდა ნუგზარ ზოსიძე.

ბავშვები და მასწავლებლები ნუგზარ ზოსიძის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მოსწავლეების საყვარელი პედაგოგის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლება ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნუგზარ ზოსიძესა და მის მოადგილეს შორის კონფლიქტი მოხდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიმნაზიის ადმინისტრაცია აპირებს დააბრუნოს ნუგზარ ზოსიძე გიმნაზიაში, თუმცა მხოლოდ პედაგოგის პოზიციაზე.

თავად ნუგზარ ზოსიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.

„ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა ეპისკოპოს სპირიდონთან და ვერც გიმნაზიის სხვა წარმომადგენლებთან დაკავშირება. ხიჭაურის უნივერსიტეტის ვებ გვერდზე მითითებული საკონტაქტო ინფორმაციით ამის მიღწევა შეუძლებელია.

საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „შუახევის ენმ-ის“ გვერდმა გაავრცელა ფეისბუქზე.

საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის სკოლაში 20-23 იანვარს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები სკოლის მენეჯერის, ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. ამასთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექცია აცხადებს, რომ სკოლის კიდევ უფრო მეტად უკეთესად ფუნქციონირების მიზნით, მოხდა სკოლის სამეცნიერო აკადემიური კადრებით გაძლიერება. კერძოდ, დამფუძნებლის მიერ:

  1. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორად დაინიშნა პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი სამონაზვნე ბარბარე (ციალა მეგრელაძე).
  2. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო და საკონფერენციო მუშაობის დარგში დაინიშნა ფიზიკა მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი გივი გიორგის ძე ჭუმბურიძე.

  3. 2016 წლის 20 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილედ კულტურისა და ხელოვნების დარგში დაინიშნა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის აკადემიური დოქტორი ნონა სულიკოს ასული შუშანიძე.

სკოლის ყოფილმა დირექტორმა მღვდელმა გიორგი ფუტკარაძემ, თხოვნით მიმართა დამფუძნებელს თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ, რადგანაც მას უჭირდა დირექტორის მოვალეობის აღსრულებასთან ერთად საკმაოდ დატვირთული სამოძღვრო მსახურების შეთავსება. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა.

ხოლო ყოფილმა სასწავლო ნაწილმა ნუგზარ ზოსიძემ, როდესაც მას სხალთის ეპარქიის განათლების განყოფილებამ წინასწარ გააცნო სკოლის დირექტორად და მის მოადგილეებად სამეცნიერო ხარისხის მქონე პიროვნებების დანიშვნის შესახებ, ნუგზარ ზოსიძემ განაცხადა, რომ ის ამ პიროვნებებთან ვერ იმუშავებდა და სკოლის დირექტორს მიმართა თხოვნით თანამდებობისაგან განთავისუფლების შესახებ. მისი თხოვნა დაკმაყოფილდა“.

წყარო: “ბათუმელები”