“ხაბაძემ ივანიშვილს 200-წლოვანი გიგანტური ხეები გადასცა”

pageგაზეთ ბათუმელების ინფორმაციით, აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – შპს ზიმოს გადასცა. გაზეთის ცნობით, აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მთავრობამ მხოლოდ ახლახან ბათუმელებს დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებული N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს ზიმოს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

“აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს”, – წერია აჭარის მთავრობის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა პროექტი ხორციელდება ოზურგეთში (პროექტის სახელწოდება), რომელი კომპანია ახორციელებს ამ პროექტს, კერძო პირის საკუთრებაა თუ მუნიციპალური ან სახელმწიფო საკუთრება? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა” აჭარის მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა. როგორც მთავრობიდან აცნობეს: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხორციელდება მასშტაბური პროექტი, რომელსაც აფინანსებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი… პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია დენდროლოგიური პარკის მოწყობა… მას ექნება საზოგადოებრივი დანიშნულება და გახდება ტურისტულად და ეკოლოგიურად მიმზიდველი ადგილი…”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის “მნიშვნელოვან კომპონენტად” შეფასებული პროექტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად “ბათუმელები” ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის შექმნის მიზნით საკრებულოს არავითარი გადაწყვეტილება თუ ბრძანება არ მიუღია. “ყოველ შემთხვევაში მე არ მახსოვს, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე. – მე როგორც ვიცი, ეგ [პარკი] კერძო საკუთრებაა. შემოღობილია. და შემდგომ როგორ იქნება, არ ვიცი”.