დღეიდან სილამაზის და ტატუ-სალონების მონიტორინგი იწყება

_dnrXhiEus8დღეიდან სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგი იწყება. დადგენილების თანახმად, შემოწმდება სხვადასხვა ესთეტიკური და კოსმეტოლოგიური პროცედურა, როგორიცაა თმის მოვლა-პარსვა, პირსინგი, ტატუ, მანიკიური, პედიკიური. მონიტორები შეაფასებენ, როგორ ხორციელდება იმ ინსტრუმენტების სტერილიზაცია-დეზინფექცია, რომლებიც გამოიყენება ინვაზიური პროცედურებისას. რაც შეეხება სანქციებს, როგორც სამინისტროში აცხადებენ, მონიტორინგის პროგრამა დასჯაზე ორიენტირებული არ არის და მას პირველ ეტაპზე მხოლოდ რეკომენდაციის სახე ექნება. დადგენილების თანახმად რეგიონებში მონიტორინგის პროგრამა მუნიციპალიტეტში არსებულმა ჯანდაცვის სამსახურებმა უნდა განახორციელონ. თუმცა როდის დაიწყება შემოწმება ამ ეტაპზე უცნობია, რადგან შესაბამისი ორგანოები ჯანდაცვის სამინისტროდან ბრძანებას ელოდებიან. ბათუმის მერიის სანიტარული-ზედამხევდველობის განყოფილება, ლაბორატორიული შემოწმების პროგრამას შარშანაც ახორციელებდა. მონიტორინგის შედეგად შემოწმდა 150 სილამაზის სალონი, რომელთაგან 22 სტერლიზაცია-დეზინფექციის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდა. როგორც სამსახურში ვარაუდობენ წელს მათ ტატუ სალონებიც დაემატებათ. სილამაზისა და ტატუ სალონების მონიტორინგამდე ჯანდაცვის სამინისტრომ სტომატოლოგიური კაბინეტები შეამოწმა.სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების შედეგად სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 223 დარღვევა აღმოაჩინა.