ვის ინტერესშია „ტელეარხი“ 25-ის მფლობელების საქმის გამოუძიებლობა

скачанные файлы„ტელეარხი 25“-ის მფლობელების საქმის გამოძიებას პროკურატურა ამ დრომდე აგრძელებს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში თვლიან, რომ საქმის გაჭიანურება ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციის საფრთხეს შეიცავს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მედიას ეხება. გიორგი ხიმშიაშვილის განმარტებით, ტელევიზიის მფლობელებისთვის ქონების გადაცემის კანონიერების გარკვევა არ არის რთული კატეგორიის საქმე და მის გამოძიებას სამი წელი არ სჭირდება. ტელევიზიის ყოფილ მფლობელებს 2012 წელს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაახლოებით 3 მილიონი ლარის ღირებულების უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. მათ შორის ერთ-ერთი – გია სურმანიძე ამჟამადაც „ტელეარხი 25“-ის 49 პროცენტის მფლობელია. ტელევიზიის 51 პროცენტს კი ბიზნესმენი ჯემალ ვერძაძე ფლობს. მის სახელზე ანიშნული ქონება მას შემდეგ გადავიდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიის ქონების ერთ-ერთი მფლობელი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ქარდავა იყო. პროკურატურა ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს.

„ტელეარხი 25“ -ის მფლობელებს ამ დრომდე არ გაუკეთებიათ კომენტარი საინფორმაციო სამსახურის უფროსის მაია მერკვილაძის, ასევე ტელევიზიის ჟურნალისტების ერთი ნაწილის გუშინდელ ბრიფინგთან დაკავშირებით. იძულებით შვებულებაში გაშვებული საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია მერკვილაძე სარედაქციო დამოუკიდებლობის ჩარევის საფრთხეზე საუბრობს, რადგან ტელევიზიის ხელმძღვანელობას არ აუხსნია მიზეზი – რის გამო დასაჯეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ტელევიზიის ერთ-ერთი მფლობელი ჯემალ ვერძაძე კომენტარის გაკეთებას დღეს დილისთვის დაგვპირდა, თუმცა მისი ტელეფონი ამ დრომდე გამორთულია.