აჭარის ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე ერთ ლარად 27 ობიექტი გაასხვისა

imagesაჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლიდან დღემდე ერთ ლარად 27 ობიექტი და მიწის ნაკვეთი გასცა. მათგან 19 მყიდველს ადგილზე ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო უნდა აემუშავებინა. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ნაკისრი ვალდებულებები 19-დან 8 ინვესტორმა ვერ შეასრულა. ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო 20 წლის ვადით უნდა ამოქმედებულიყო ქობულეთში-ქვედა აჭყვაში, ბობოყვათში, მუხაესტატეში, კვირიკეში და ქვედა სამებაში, ასევე ხელვაჩაურში-ახალსოფელში, ერგეში და ორთაბათუმში, თუმცა ამ ეტაპზე საწარმოების სტატუსი გაუქმებულია. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე უნდა შეესრულებინა ყველა ვალდებულება ციტრუსის დამხარისხებელ ოთხ საწარმოსაც, თუმცა მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სოფელ განთიადში, დაბა ჩაქვში, სოფელ ზენითში და სოფელ ახალშენში მყიდველს ვალდებულებების ნაწილი არ შეუსრულებია. რა პირობა ვერ შეასრულეს ამ საწარმოების მფლობელებმა, ეს საჯარო ინფორმაციით არ ირკვევა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის თანახმად, შეინიშნება ტენდენცია, რომ 2014-2015 წლებში პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ ობიექტთა რიცხვი შემცირებულია. თუკი 2013 წელს უწყებამ ერთ ლარად 21 ობიექტი თუ მიწის ნაკვეთი გაასხვისა, 2014-15 წლებში ეს რიცხვი 6-ს შეადგენს.

წყარო: “ტვ25”