“რა არ გაკეთდა ბათუმში”

"ბათუმში დაგროვილი პრობლემები და  ბათუმელებისთვის უცნობი საკრებულოს თავმჯდომარე”შეთანხმებულ დროში ვერ დაასრულეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვერ მოამზადეს საპროექტო დოკუმენტაცია, ვერ დაიწყეს მშენებლობები, ვერ განათავსეს შუქნიშნები, ვერ იზრუნეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. კიდევ ბევრი სხვა მიზეზით ბათუმის ბიუჯეტი ისევ გაირღვა. ბიუჯეტის სამი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ნაშთის სახით არსებულ თანხას ბიუჯეტში კიდევ 11 მილიონი დაემატება და მთლიანობაში, ნაშთი 31 მილიონს მიაღწევს.
ბათუმის რიგ უბნებში ქუჩები ისევ გადათხრილია. სულ ცოტა წვიმა და ორმოები წყლით ივსება, შესაბამისად, გადაადგილება სახიფათო ხდება როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მანქანებისთვის. არადა, წინ გრძელი ზამთარია ბათუმური წვიმით. ქალაქის ცენტრში უკვე მერამდენედ გადათხარეს ახალგაკეთებული ტროტუარები. ქალაქის გარეუბნებში კი წლებია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ან ამ მიმართულებით სამუშაოების დაწყებას ელოდებიან. უშედეგოდ.
2015 წლის ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ჩასატარებლად მერიას სამ კვარტალში 58 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა, დახარჯულია 51 მილიონი ლარი. ვერ დახარჯული 7 მილიონიდან მილიონი ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მოდის. ამ თანხით მერია გორგილაძის ქუჩაზე შუქნიშნების დამატებას გეგმავდა. მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურში განმარტეს, რომ პრობლემა ტენდერით გათვალისწინებული პროცედურის გაჭიანურებამ გამოიწვია: “ერთ-ერთმა პრეტენდენტმა ტენდერის პირობები გაასაჩივრა, რასაც პროცედურის გაჭიანურება მოჰყვა. შესაბამისად, სამუშაოებმა მეოთხე კვარტალში გადაიწია”.

ინფრასტრუქტურის დაფინანსების ნაწილში ვერ დახარჯული შვიდი მილიონიდან მილიონი გზების, ტროტუარებისა და ქუჩების კეთილმოწყობისთვის გათვალისწინებული თანხაა. ამ შემთხვევაშიც სამუშაოების დროულად ვერ დასრულება ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ შეთანხმებული ვადის დარღვევით ახსნეს.

ვერ დასრულდა ქალაქის ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებიც. მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის არჩილ ვანაძის ინფორმაციით, “ბათუმის კორპუსს” კვარტალური განაწილების საკითხში ოპტიმისტური გეგმა ჰქონდა საფინანსო სამსახურისთვის წარდგენილი, თუმცა სამუშაოები დათქმულ ვადაში მაინც ვერ დასრულდა:
“სახსრების დიდი ნაწილი ცხრა თვეზე იყო გადანაწილებული, თუმცა რიგი სამუშაოებისა ვერ განხორციელდა. ეს იყო ეზოების კეთილმოწყობის ხარჯი. რამდენიმე კონტრაქტორმა და მათ შორის “ნიუ სტეიჯმა” ნახევარ მილიონამდე ღირებულების სამუშაოები ვერ დაასრულა. შესაბამისად, გადაიწია ამ სამუშაოების დასრულების ვადამ. კომპანია დაჯარიმდება, უბრალოდ, გვიან დაასრულებს სამუშაოებს. როდესაც კომპანია ვერ ასრულებს სამუშაოებს, უნდა გათვალო ღირს გააგრძელოს სამუშაოები, თუ არა, დააჯარიმო მხოლოდ, თუ შეუწყვიტო ხელშეკრულება და ხელახალი ტენდერი გამოაცხადო, რიგ შემთხვევაში წყვეტ, რომ დაგვიანებით შესრულდეს შეთანხმება, რადგან ხელახალი ტენდერის გამოცხადება კიდევ უფრო მეტ პროცედურასთანაა დაკავშირებული. ერთი თვე სჭირდება ტენდერის პროცედურას და ამან შეიძლება ფასიც გაზარდოს, ამიტომ თუ ამბობს კომპანია ხუთ თვეში დავამთავრებო, ჩვენც ვეთანხმებით, რომ გაგრძელდეს სამუშაოები.”
ზედამხედველობისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად წელს, სამ კვარტალში, მერიას 500 000-მდე ლარი უნდა დაეხარჯა. ამ ნაწილში მხოლოდ 65 პროცენტი აითვისეს. ამ თანხით მერიას ბარცხანა-გოროდოკის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია უნდა შეესყიდა. არჩილ ვანაძის განმარტებით, “ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს კვარტალის ბოლომდე ჰქონდათ ვადა. მათ რამდენიმე დღით დააგვიანეს დოკუმენტაციის წარდგენა, რის გამოც თანხის გადარიცხვა დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა. “ეს გადაირიცხება მეოთხე კვარტალში”.
ქალაქის დაგეგმარებისთვის გათვალისწინებული 26 000 ლარიდან მხოლოდ 3 219 ლარი დახარჯეს – თანხა აქტივების რუკის შექმნას ითვალისწინებდა.

მხოლოდ 53%-ით შესრულდა ქალაქის ისტორიული უბნების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხის ათვისებაც.

მილიონი ლარი ვერ აითვისა მერიამ პარკების, სკვერებისა და მოედნების კეთილმოწყობის ნაწილში. ეს თანხა ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი სკვერის აშენებას ითვალისწინებდა. მერიამ იქ ჩასახლებული ოჯახებისთვის საკომპენსაციო თანხაც გაითვალისწინა ბიუჯეტში, რასაც საკრებულოც დაეთანხმა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალეს.
თანხის მხოლოდ 23%-ის ათვისება მოახერხა ბათუმის განვითარების ფონდმა, 213 000 ლარიდან 49 000 ლარი დახარჯეს. აქედან 40 000 ლარი ხელფასების ნაწილში, ხოლო 8000 ლარი – საქონლით მომსახურების ნაწილში. ამ შემთხვევაშიც მიზეზად ტენდერის ორჯერ ჩაშლა სახელდება.

გათვალისწინებული 8 მილიონ 37 400 ლარიდან მხოლოდ 5 მილიონ 630 000 ლარის ათვისება შეძლეს განათლების, კულტურის, სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის ნაწილში. აქედან 2 მილიონი სპორტის, ხოლო მილიონი ლარი სკოლამდელ დაწესებულებებზე მოდის. დაგვიანდა ანგისის სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, ასევე ვერ დასრულდა რამდენიმე ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

წყარო: “ბათუმელები”