“ივანიშვილმა რომ თქვას, მზე ვარ, ჩემი კულტი უნდა დამყარდესო, ოცნება ამასაც გაამართლებს”

ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილის მიერ დაკომპლექტებული გუნდის წევრები საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმათ გაკეთებულ განცხადებებში არაკორექტულობას ვერ ხედავენ.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ „გიგაური თავისი საქმიანობით სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს”.
როგორც თემის კომენტირებისას ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, „ყველას გვაქვს კრიტიკის მიმართ დამოკიდებულება“.
„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე, სარგებლობს თავისი უფლებით- სიტყვის თავისუფლებით. მისი არცერთი მოსაზრება არ შეიძლება რაიმეს აზარალებდეს საერთოდ, მე ცოტა მიკვირს არასამთავრობო სექტორისაგან, რომელსაც გონია , რომ თუ ბიძნა ივანიშვილს აუკრძალავენ ლაპარაკს მაშინ უფრო მიგვიღებენ ევროპაში. ყველას გვაქვს კრიტიკის მიმართ დამოკიდებულება“ – ამბობს ბერძენიშვილი.
იგივე პათოსს ინარჩუნებს გია ვოლსკიც.
მისი თქმით, „ევროპაში ინტეგრაციის პროცესს აზიანებს, ის რაც მოხდა 2007 წლის ნოემბერში“
„ხალხი მიწასთან გაასწორეს ცემა-ტყეპით. თავისუფალი სიტყვა არათუ შენიშვნის საგანი უნდა გახდეს, არამედ მსჯელობის თემად უნდა იქცეს. ერთი ადამიანის მიერ მეორეს კრიტიკა ახალი არ არის იმ ადამიანების მხრიდან ვინც ახლა გაკვირვებას გამოხატავს“- მიიჩნევს ვოლსკი.
ადამიანის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ის ბიძინა ივანიშვილს ცენზორად ვერ დაუდგება.
„მე არ ვთვლი ამას შეტევად, ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც უფრო მშვიდადაც შეიძლება მივიღოთ და არ ჩავთვალოთ გარკვეული სივრცის, ამ შემთხვევაში მთლიანად არასამთავრობო სექტორის მიმართ გაკეთებულ განცხადებად. შეფასებები ყველას თავისებური აქვს, მე ცენზორად ვერავის ვერ დავუდგები“ – აღნიშნა „ოცნების“ დეპუტატმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადება „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ შეაფასეს. დეპუტატი დავით დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის, „ხვალ რომ ივანიშვილმა თქვას მზე ვარ და ჩემი კულტი უნდა დამყარდესო, ესეც კი რაღაცნაირად გაამართლო“.
„მიჭირს თუნდაც შევარდნაძის პერიოდში გავიხსენო ასეთი თავდასხმები არასამთავრობო სექტორზე, რასაც ახლა აქვს ადგილი. უფრო პატიაშვილის დროს მაგონებს, როდესაც გარიჟრაჟი იყო თავისუფალი სიტყვის, მაშინ როგორ აღიქვამდა კომპარტიის ლიდერი ამ ყველაფერს. ეს განცხადებები რაც ივანიშვილს ახასიათებს, გამომდინარე იმ გავლენიდან რაც მას უმრავლესობაზე აქვს, რომელიც მზად არის, ხვალ რომ თქვას მზე ვარ და ჩემი კულტი უნდა დამყარდესო, ესეც კი რაღაცნაირად გაამართლოს, აჩვენებს იმას რომ საქართველო დაბრუნდა პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების ეპოქაში“ – აღნიშნავს ენმ-ს წევრი.
ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ორგანიზაცია „საერთაშორსო განჭვირვალობა- საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაურიც გამოეხმაურა:
„მაშინ, როდესაც საქართველოში ევროკავშირის კომისიონერია ჩამოსული და ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ დავარწმუნოთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა უნდა გაფორმდეს, ქვეყნის ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკურმა ფიგურამ და ფაქტობრივმა მმართველმა არასამთავრობოს არ უნდა დაესხას თავს“.
გიგაურის განცხადებას მალევე მოჰყვა NGO-ების განცხადებაც. მათი თქმით, ექსპრემიერი არაკორექტული იყო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმათ, როდესაც განაცხადა, რომ გიგაური თავისი საქმიანობით “სამოქალაქო საზოგადოებას აბინძურებს”.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილის კრიტიკული ხედვები უარყოფით გავლენას ახდენს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მოხელეებისა და პოლიტიკოსების განწყობების ფორმირებაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.