ხიმშიაშვილი: განჩინების შეჩერების ბერკეტი არის მისი გასაჩივრება

გიორგი ხიმშიაშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით „გუშინ მიღებული განჩინება ნათლად ადასტურებს, რომ ეს დავა აღარ წარმოადგენს ორ კერძო პირს შორის დავას და მასში საზოგადოებაც აქტიურად არის ჩართული“. გიორგი ხიმშიაშვილის აზრით, „მიუხედავად საკითხის სენსიტიურობისა, აუცილებელია, დავა არ გასცდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და ყველა კითხვას, რომელიც არსებობს საქმის ირგვლივ, ისევ სასამართლოს მიერ გაეცეს პასუხი“.

არსებული განჩინების შეჩერების რაიმე სამართლებრივი ბერკეტები თუ არსებობს? – ამ კითხვის პასუხად გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ „განჩინების შეჩერების ბერკეტი არის მისი გასაჩივრება და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი გაუქმების თაობაზე. მანამ, სანამ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო არ იმსჯელებს განჩინება მოქმედებს და მას აქვს სავალდებულო ხასიათი ხმარეებისთვის“.

გიორგი ხიმშიაშვილი, როგორც იურისტი, აფასებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელ გადაწყვეტილებას, „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ: „აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროფესიული თვალსაზრისით თუ შევაფასებ, არის დაუსაბუთებელი და როგორც ამ დავაში ნეიტრალურ მხარეს არ მაკმაყოფილებს ის განმარტებები, რასაც მოსამართლე გვთავაზობს ამ გადაწყვეტილებაში. ის ჰიპოთეტური შიში, რომელსაც მოსამართლე თავისი გადაწყვეტილების მსჯელობისას ავითარებს, სცდება საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებს. ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს მოსამართლის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაზე. დამატებითი განსჯის საგანს წარმოადგენს თავად გადაწყვეტილებაში მოყვანილი არგუმენტები, სადაც სასამართლომ სრულად იტვირთა მხარის როლი, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მითითება მტკიცებულებებზე, გარემოებებზე, რის საფუძველზე მოსამართლე მივიდა ამ დასკვნამდე“.

გიორგი ხიმშიაშვილი ასევე საუბრობს იმ მსგავსებასა და სხვაობებზე, რომელიც დღეს და 2007 წლის 7 ნოემბრამდე პერიოდში არსებობდა ქვეყანაში: „განსხვავება ძირითადად მეთოდებში შეიძლება ვეძიოთ. იმ პერიოდში მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ძალადობრივი იყო, დღეს კი ამან უფრო სამართლებრივი სახე მიიღო, მაგრამ, რადგანაც უკვე სიტყვა „ბრძოლა“ ვახსენეთ, ორივე მეთოდი დაუშვებელია და საბოლოო ჯამში ეს ვნებს საზოგადოების, ქვეყნის განვითარებას“.