“რესპუბლიკური პარტია” ამ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნება, ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ცუდ ასოციაციებს იწვევს”

დავით ბერძენიშვილიხელისუფლებას ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება, – ასე აფასებს ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი კომპანია “რუსთავი2”-ში დროებითი მმართველების დანიშვნის თაობაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ მიღებულ განჩინებას. დეპუტატი ურთმელიძესთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოსაც აკრიტიკებს და მათ გადაწყვეტილებებში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

“პროცესების სამართლებრივ სივრცეში ყოფნა-არყოფნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება და ისე ნაჩქარევად, როგორც მიიღო. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იქცევა, როგორც ხელისუფლების სხვა შტოების ფუნქციების მიმტაცებელი და სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენი, სულაც არ ნიშნავს და სრულიადაც არ არის არგუმენტი, რომ ურთმელიძის სახით ჩვენი ხელისუფლებაც წარმოჩნდეს, როგორც ფორმით, ისე შინაარსით, ასეთ ხელისუფლებად. “რესპუბლიკური პარტია” ამ პროცესებს კატეგორიულად ემიჯნება. ღამით მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან ცუდ ასოციაციებს იწვევს. მოვუწოდებ როგორც საკონსტიტუციო, ისე საქალაქო სასამართლოს, პოლიტიზირებაში არ ჩაერთონ. ეს უნდა იყოს სამართლის საკითხი და არ უნდა იყოს ყოფილ და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ინსტრიმენტად გადანაწილების საკითხი. მივმართავ როგორც საკონსტიტუციო, ასევე საერთო სასამართლოს მოსამართლეებს, პროცესები ძალიან სახიფათო ხასიათს იღებს. საქართველოში დღეს ხელისუფლების ალტენატიული ძალის ჩამოყალიბების საკითხი არ დგას. დღესაც კი, როცა ხელისუფლების რეიტინგი არ არის ისეთი, რაც 2012 წელს იყო, ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. როგორც ჩანს, ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა, მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ იყო, ახლა ცდილობს დღევანდელი უფროსობის კონტროლის ქვეშ იყოს. ჩვენ კონტროლირებადი მოსამართლეები არ გვჭირდება არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც ძველი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის და არც საერთო სასამართლოებში”, – აცხადებს დავით ბერძენიშვილი.