“დაუჯერებელია ერთ დღეში ასეთი დონისა და სირთულის გადაწყვეტილების მომზადება”

გენო გელაძეარასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გენო გელაძე, მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას არაობიექტურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი სცდება სამართლებრივ ფარგლებს – ” როდესაც სასამართლოს არგუმენტად სხვა ქვეყნის გამოცდილება მოჰყავს და ასევე მედია ორგანიზაციისთვის დროებითი მმართველის დანიშვნის წინაპირობად სარედაქციო პოლიტიკას ასახელებს – ეს არ თავსდება სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს, ზოგადად სამართლიანობის ფარგლებში. უფრო მეტიც, დაუჯერებელია ერთ დღეში ასეთი დონისა და სირთულის გადაწყვეტილების მომზადება”.

გენო გელაძე მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ძალიან ცუდი სამართლებრივი პრეცენდენტია, როგორც მედია ორგანიზაციის, ისე, ზოგადად კომპანიების წილებზე სასამართლო დავების წარმოების დროს: “ამ მხრივ მნიშვნელოვანია ორი გარემოების გამოყოფა: თუ სასამართლო ინსტანციებში დავის მიმდინარეობის პროცესში გარეშე პირების დანიშვნა ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა, ეს ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგანაც დროებითი მმართველის მუშაობით დიდი ალბათობით შესაძლოა დავის მონაწილე ყველა მხარე უკმაყოფილი იყოს, ხოლო სასამართლო დავის დასრულებამდე ამ დროებით მმართველებს ვერავინ შეცვლის, თუნდაც სულ გაანიავონ სადავო კომპანიის ქონება. ასევე, უფრო უარესია თუ დროებითი მმართველი დავის ერთ-ერთი მხარის მითითებით შეირჩევა. ასეთი ფორმით შერჩეული მმართველი ვერ იქნება ისეთი მენეჯერი, რომელიც ყველა მხარის ინტერესს დააკმაყოფილებს. შესაბამისად, გამოდის, რომ რუსთავი 2-ის შემთხვევაში ფაქტობრივად სასამართლომ ტექნიკურად დაუყოვნებლივ აღასრულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწვეტილება, ანუ სასამართლო პროცესის მოგებულ მხარეს მისცა შესაძლებლობა, რომ დაენიშნა ტელევიზიის ხელმძღვანელი, რაც ჩვენს შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეჩერებულია”.

გენო გელაძე ამბობს, რომ მსგავსება 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდსა და ახლანდელ მოვლენებს შორის საკმაოდ დიდია. თუმცა განსხვავებაც ბევრია – “2007 წელს ტელეკომპანია იმედის საკითხები არ გამხდარა დისკუსიის საგანი, ხოლო ახლა ფაქტია, რომ ძალადობის არანაირი ელემენტი არ შეინიშნება. მსგავსება იმაშია, რომ მაშინაც და ახლაც მიდის ბრძოლა ტელევიზიის ხელში ჩასაგდებად. 2007 წელში ამ ბრძოლას ჰქონდა ფიზიკური ბრძოლის, დარბევის, შენობაში სპეცრაზმის შეჭრის სახე, ხოლო ახლა სასამართლო პროცესით ვართ უკმაყოფილო. იმედია ძალადობის ისტორია აღარ განმეორდება. ძალიან რთული იქნება სასამართლო განჩინების აღსრულება. როგორც ცნობილია, რუსთავი 2-ის დღევანდელი მენეჯმენტი ნებაყოფლობით არ აპირებს ამ გადაწყვეტილების შესრულებას, ხოლო მედიაორგანიზაციაში ამგვარი ტიპის გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება რთულ ამოცანად მიგვაჩნია” – ამბობს ის.

არსებული განჩინების შეჩერების სამართლებრივი ბერკეტებს რაც შეეხება, გენო გელაძე განმარტავს, რომ განჩინება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტია და კანონის მიხედვით ნებაყოფლობით, ან იძულებით უნდა აღსრულდეს – “ამ მოცემულობით ამის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ორი გარემოების დადგომის შემთხვევაში: ა) განჩინება გასაჩივრდება და მას გააუქმებს სასამართლო; ბ) საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს კანონის იმ ნორმებს, რომლებსაც ეყრდნობა განჩინება” – ამბობს ის.

წყარო: “ბათუმელები”