“საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა”

7ccმიხეილ სააკაშვილი მზად არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. სააკაშვილმა ამის შესახებ გამოცემა “პოლიტიკო”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი მოსაზრებით, ძლიერი და სტაბილური უკრაინა შეძლებს რუსეთის ექსპანსიის შეჩერებას. ოდესის გუბერნატორმა ასევე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი “ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტის” შექმნაში დაადანაშაულა, რომელიც გარკვეულ “ბიზნეს ინტერესებს” ემსახურება. “ვისურვებდი დიდ ცვლილებებსა და რეფორმებში მონაწილეობას. ამისთვის მზად ვარ…თუ უკრაინა რუსეთს არ შეაჩერებს, ჩემი მოსაზრებით, რუსეთი ადვილად წაშლის რუკიდან საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ძლიერი უკრაინა რუსეთისთვის უდიდესი გამოცდაა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში, პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების მიზნით დაბრუნებას, სააკაშვილმა განაცხადა: “საქართველო ჩემი საპენსიო გეგმაა”.
გამოცემა “პოლიტიკო” აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. სექტემბრის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს სახელზე გაიგზავნა ელექტრონული პეტიცია სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ. პეტიციას 30 000-ზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.