“პრემიერი შემოვიდა, ჩამოგვიარა პიონერი ბავშვებივით ჩამწკრივებულებს”

c16bcc5fb8601af4429bcc9df3751116_fulltextვილნიუსში მყოფი ქართველი სტუდენტი, „მაესტროსა“ და „აფხაზეთის ხმის“ ჟურნალისტი ნინი მეტრეველი ეხმიანება საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტს ვილნიუში, კონკრეტულად კი, ვიზიტის იმ ნაწილს, სადაც ის ვილნიუსში მყოფ სტუდენტებს შეხვდა, რაც სამთავრობო არხებით გაშუქდა, როგორც პრემიერის აქტივობა.

„პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩემს წასვლას ორი მიზეზი ჰქონდა: ერთი – მინდოდა მეკითხა, რატომ აქვს საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტთა დაფინანსებას იდიოტური დედლაინები (პრემიერის აპარატი აფინანსებს ხოლმე, ოღონდ ვერ გაიგებ სად, როდის, როგორ) და მეორე – მინდოდა შეხვედრის შემდეგ სტატუსი დამეწერა. პირველი მიზნის შესრულება არ დამცალდა. პრემიერი შემოვიდა, ჩამოგვიარა (პიონერი ბავშვებივით ჩამწკრივებულებს), ხელი ჩამოგვართვა, გვკითხა რაზე სწავლობთო, მერე მადლობა, კარგადო და გავარდა.

ასე რომ, თუ რომელიმე ტელევიზიით მოისმენთ, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი ვილნიუსში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო, მოისმინა მათი მიზნები, კითხვებს უპასუხა და დახმარება აღუთქვა, იცოდეთ, რომ მტკნარი სიცრუეა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც შეეხება პრემიერთან დღევანდელ შეხვედრაზე ჩემი წასვლის მეორე მიზანს, ის ამ წუთას წაიკითხეთ.

პ.ს. სადღაც კვირიკაშვილიც დავლანდე. ღარიბაშვილს მოჰყვა ბონუსად“, – წერს ნინი მეტრეველი.

სამთავრობო საშუალებებით პრემიერმინისტრის ვიზიტის ეს ნაწილი ასე გაშუქდა:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილნიუსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს და ქართული ენის შემსწავლელ ლიტველ სტუდენტებს შეხვდა.

ვილნიუსის უნივერსიტეტში ამჟამად საქართველოდან 62 სტუდენტი სწავლობს – 33 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე, ხოლო 29 – გაცვლითი პროგრამებით.

ლიტველმა სტუდენტებმა, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ, პრემიერ-მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ძალიან უყვართ საქართველო და ჰყავთ ქართველი მეგობრები.

ქართული ენის შემსწავლელი კურსი ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს საელჩოს ინიციატივით ფუნქციონირებს. 2014-2015 აკადემიური წლის მანძილზე, ქართულ ენას 23 ლიტველი სტუდენტი დაეუფლა, ხოლო მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში ქართულ ენას 15 სტუდენტი სწავლობს.

პრემიერმა ვილნიუსის უნივერსიტეტის ობსერვატორია და ბიბლიოთეკა დაათვალიერა, ასევე, ჩანაწერი დატოვა საპატიო სტუმართა წიგნში და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას სამახსოვრო საჩუქარი – „ვეფხისტყაოსანი“ და შოთა რუსთაველის მინიატურული სკულპტურა გადასცა“.(„პირველი“).