მურმან დუმბაძე: სააკაშვილი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არავის მოუწოდებს

მურმან დუმბაძეპარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის შეფასებით, გავრცელებულ სატელეფონო საუბრებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არავის მოუწოდებს.

როგორც გაზეთ „ახალ თაობას“ დუმბაძემ განუცხადა, სააკაშვილი მომხრეებს „რუსთავი 2“-ის დაცვისკენ მოუწოდებდა.

  • სააკაშვილის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ის სამოქალაქო დაპირისპირებისკენ არავის მოუწოდებს, ის კერძო საკუთრების დაცვაზე საუბრობს და არავის მოუწოდებს, ვინმეს თავს დაესხითო. მისი აზრით, საჭირო თუ გახდება, საქმეში კუნთმაგარი ბიჭებიც უნდა ჩაერთონ . როცა სახელმწიფო არ იცავს საკუთრებას, მისი დაცვა ხალხის დახმარებით უნდა მოხდეს.

– სროლაზე რომ არის საუბარი ფარულ ჩანაწერში, ამაზე რას იტყვით?

  • ის არსად არ ამბობს, ჩვენ უნდა ვისროლოთო. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, როცა „რუსთავი 2“-ში აღსრულების პოლიცია მივა, შესაძლოა, ამას სროლა მოჰყვეს და ჩვენ უნდა გავძლოთო. ეს განცხადებები მას საჯაროდ რომ გაეკეთებინა, მსგავსი რეაქცია არ იქნებოდა. როცა ასეთი განცხადებები ჩუმად კეთდება, მაშინ, ბუნებრივია, იბადება ეჭვი, რომ განზარახვა ტელეკომპანიის დაცვა არ არის.

– ანუ, თქვენც ფიქრობთ, რომ სააკაშვილის განზარხულობა სინამდვილეში სხვა რამე იყო?

  • ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. აქვთ რაღაც ეჭვები? კეთილი ინებონ და გამოიძიონ . მე მგონია, რომ ის „რუსთავი 2“-ის დაცვისკენ მოუწოდებდა მომხრეებს.

უკრაინულ ვებგვერდზე – uarevo.in.ua მორიგი აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. საიტზე აღნიშნულია, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კვლავ აიძულებს ჟურნალისტებს, სისხლიანი რევოლუციის კატალიზატორებად იქცნენ.