ბრალდებული: პოლიციის განყოფილებაში ელექტრო შოკით მცემეს

get_img (17)ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავს ბრალდებულების – შ.ზ.-სა და პ.ი.-ს სისხლის სამართლის საქმეს. ბოლო სასამართლო პროცესზე პროკურორმა რომეო ტყაბლაძემ მოწმის სახით გამომძიებლები დაკითხა, რომლებმაც ბრალდებულების საქმეში სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, მაგალითად, დაკითხეს დაზარალებულები და ბრალდებულები, ასევე, გაჩხრიკეს და დააკავეს პირები.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა დაიწყეს. გამომძიებელმა გიორგი კურცხალიძემ ბრალდებულების ტელეფონი დაათვალიერა. „ვინ იყო თქვენი უშუალო უფროსი, როცა გამოძიება დაიწყეთ, ჩვენი დაკითხვა დღისით მიმდინარეობდა თუ ღამით?“- ბრალდებულის ეს ორი კითხვა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლემ მოწმეს განარიდა.

მოსამართლემ ასევე სიტყვიერი გაფრთხილება [შენიშვნა] მისცა პროკურორს განრიდების დროს მოწმეებისთვის მიმანიშნებელი პასუხებისთვის: „ელექტროშოკით რომ მცემეს, თქვენ მაგ დროს სად იყავით?“ – ჰკითხა ბრალდებულმა პოლიციელს, რომელმაც უპასუხა, რომ ცემის შესახებ არაფერი იცის.

ბრალდებულის თქმით, მის მიმართ ელექტროშოკი პოლიციის პირველ განყოფილებაში 2 აპრილს გამოიყენეს.
სასამართლომ მოწმის სახით ასევე დაკითხა პოლიციელები: თამაზ შავაძე, ალექსანდრე ჭელიძე, ედუარდ აბუსელიძე და ანზორ წიქვაძე.

დაცვის მხარემ ბრალდებულების სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება პროკურატურას სთხოვა. „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ფაქტზე გამოძიება დაცვის მხარის განცხადების საფუძველზე დაიწყეს, თუმცა რა ეტაპზეა ძიება, ამ კითხვაზე პასუხი არც დაცვის მხარეს აქვს და ვერც „ბათუმელებმა“ გაარკვია – პროკურატურის პრესსამსახურის თანამშრომელი ნათია სუხიაშვილი, როგორც წესი, „ბათუმელების“ ზარებსა თუ კითხვებს არ პასუხობს.

ბრალდებულებს გოგონებისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ ბრალად. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთ-ერთი გოგო არასრუწლოვანია.

წყარო: “ბათუმელები”