საქართველოს შეუძლია, იამაყოს ახალი კანონით „პროკურატურის შესახებ“-მაიკლ ო ბოილი

911935165_937865736304503_7178141217792378951_oსაქართველოს შეუძლია, იამაყოს ახალი კანონით „პროკურატურის შესახებ“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურმა მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ ო ბოილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით, ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელდა.
მაიკლ ო ბოილი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას, ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების შესახებ და აცხადებს, რომ „პროკურატურის შესახებ“ კანონს ვენეციის კომისია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებად განიხილავს.
„ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. მე მას მივულოცე „პროკურატურის შესახებ“ კანონის მიღება, რომელსაც ჩვენ და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ. ეს არის კანონი, რომელიც შემუშავდა ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად. ვფიქრობ, ეს არის მოძრაობა სწორი მიმართულებით და საქართველოს შეუძლია, ამით იამაყოს“, – განაცხადა მაიკლ ო ბოილმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს და პროგრამებს, რომლებიც საქართველოში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრას ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფო ჯაფარიძე დაესწრნენ.