“ცინიზმია, რუსთავი 2 წარმოვიდგინოთ სიტყვის თავისუფლების დამცველად”, – გია ჟორჟოლიანი

გია ჟორჟოლიანიუკრაინულ ინტერნეტ საიტზე გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში.

როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ამ საქმესთან დაკავშირებით 315-ე მუხლით აქტიურად უნდა დაიწყოს გამოძიება და სამართალდამცველებს მოუწოდებენ, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი.

უმრავლესობა საქმესთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრებს აკრიტიკებს და მიმდინარე პროცესებს სწორედ საპარლამენტო უმცირესობას უკავშირებენ.

“ცინიზმია, რომ რუსთავი 2 წარმოვიდგინოთ სიტყვის თავისუფლების დამცველად. რუსთავი 2 წლების განმავლობაში იყო სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი, სიცრუის გამავრცელებელი და მანიპულატორი ტელევიზია. ცხადია, ეს არ ეხება ჟურნალისტების დიდ კორპუსს, ეს ეხება სარედაქციო პოლიტიკას და ხელმძღვანელობას.

გუშინდელმა ჩანაწერებმაც დაადასტურა, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამ საქმის პოლიტიზირება მიზნად ისახავს ქვეყანაში ქაოსის შექმნას. ყველა, ვინც ამ თამაშში ერთვება, თამაშობს მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის თამაშს. ეს დამთავრდება მათთვის პოლიტიკურად ძალიან სავალალოდ,” – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა.

ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების მდივანი განმარტავს, რომ ხელისუფლება რუსთავი 2-თან ბრძოლაში ჩაბმული არ არის.

“კომპანია არ დაიხურება არავითარ შემთხვევაში. მავანს უნდა ეს გადაიტანოს და თქვას, რომ ეს სარედაქციო პოლიტიკაზე მიდის. ვინმე კმაყოფილია თუ არა, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამაზე დაობდეს. კატეგორიულად მინდა დავადასტურო, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით არ მოქმედებს უარყოფითად რუსთავი 2-ის მიმართ,” – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.