სამართალდამცავთა ლიგა არ ეთანხმება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას

სამართალდამცავთა ლიგასამართალდამცავთა ლიგა არ ეთანხმება ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას და საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის გავრცელებულ განცხადებას რუსთავი2 უცვლელად გთავაზობთ.

“არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ კატეგორიულად არ ეთანხმება ე.წ. „კორტები სპეცოპერაციის“ საქმეზე მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის დღევანდელ განაჩენს. ჩვენ, როგორც იურისტებს, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილება და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი საქმის არსებითი განხილვის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს. საქმეში არსებული არცერთი მოწმე და მონაწილე (მათ შორის განსასჯელი 7 “სპეცრაზმელი“) არ ადასტურებს სსკ-ის 109-ე მუხლით გათვალისწინებულ რაიმე გარემოებას. ვინაიდან დღეს მხოლოდ სარეზულუციო და არა სამოტივაციო ნაწილი გამოცხადდა, სადაც მოსამართლემ დეტალურად უნდა იმსჯელოს თუ რას დაეყრდნო დღევანდელი გადაწყვეტილების გამოტანისას, ვიტოვებთ უფლებას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ უფრო დეტალურად მოგახსენოთ ჩვენი არგუმენტები თუ რა აბსურდული და საქმისადმი შეუსაბამო გადაწყვეტილება იქნა მიღებული მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის მხრიდან, ყოველივე ეს აისახება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს წინ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. მისი გადაწყვეტილებით, 5 ბრალდებულიდან განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი იქნა 2 პირი, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე. ორივე მათგანს მოსამართლემ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ბეროძეს, იგი ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც, როგორც ცნობილია, ქვეყანაში არ იმყოფება, უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.