რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს “რუსთავი 2″, მათ აქვთ უფლება იმუშაონ”

14DDპარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,მას აოცებს ის ფაქტი, რომ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საუბრობს ყველა, გარდა იმ ხალხისა, ვისაც სასამართლო დავა ეხება. როგორც დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს “რუსთავი 2” და რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ.

“გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებს ემიჯნება ყველა, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ყველა ამბობს, ჩვენ არაფერს არ ვგეგმავდითო. არ ვიცი, ესე იგი მხოლოდ სააკაშვილი გეგმავდა რაღაცას და მისი პარტია აღარ ემორჩილება?! არ ვიცი, ეს როგორ არის. ამ საქმის პოლიტიკური მხარე სრულიად ნათელია. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია, რომ მედია არ დაზარალდეს. რა მიმართულებითაც არ უნდა იყურებოდეს “რუსთავი 2″, რა ღირებულებებსაც არ უნდა აღიარებდნენ მისი ხელმძღვანელები თუ ჟურნალისტები, მათ აქვთ უფლება, იმუშაონ.
პირველ რიგში მაოცებს ის, რომ ამ თემაზე ყველა საუბრობს, გარდა იმ ხალხისა, ვისაც საკითხი ეხება. დავა კონკრეტულად ამ არხის მეპატრონეებთან, მათი კომპანიის თუ ქონების თაობაზეა. ვიღაცეები მას იცავენ, ვიღაცეები ბარიკადების აშენებას აპირებენ, ვიღაცეები პოზიციებს სხავანაირად გამოხატავენ. პირველ რიგში მაინტერესებს, ეს ხალხი არსებობს ბუნებაში, ისინი რეალურად ამ ტელევიზიის პატრონები არიან, თუ აღარ არსებობენ და უარი აქვთ ნათქვამი?! თუ ასეა, მაშინ სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც სხვა სურათი და ვითარება გვექნება. ყველა რაღაცას ლაპარაკობს, რაღაცას ცდილობს – დაცვას თუ პოზიციების სხვა ფორმებით გამოხატვას, გარდა იმ ხალხისა, ვისაც ეს ეხება. ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ესაა. დანარჩენი ამ პროცესიდან, ვინ რა სარგებელის გამონახვას ცდილობს, ეს სხვა თემაა. კიდევ სხვა თემაა შესაძლო კანონდარღვევები, რომელიც შეიძლება გამოიკვეთოს და ეს სამართალდამცავების საქმეა”, – განუცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.