გვარამია დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს

ნიკა გვარამიათითქმის ხუთსაათიანი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ კომენტარი გააკეთა, თუმცა მას არ უსაუბრია დაკითხვის დეტალებზე, ვინაიდან მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურსგან მიიღეს გაფრთხილება, რომ საქმე არის გრიფით საიდუმლო:

„შეკითხვებს მე ვერ გავამხელ იმიტომ, რომ საქმე არის გრიფით საიდუმლო და გაგვაფრთხილეს, რომ ამასთან დაკავშირებით ვისაუბროთ მხოლოდ ზოგადად. მთავარი პრობლემა, რაც გამოძიებას უკვე ამ ეტაპზე აქვს, ჩანს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია. როგორც ჩანს, ძალიან ჭრით ყურს ტერმინები მაგალითად ისეთი როგორიცაა-ბოევიკი, რევოლუციური სცენარი, შეიძლება ეს მართლა ეხამუშება ყურს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ აქ არავინ არ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. აქ საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაცვაზე, ანუ ქმედებაზე, რომელიც რეაქციულია თავისი ხასიათით და არა პროაქტიულ ქმედებებზე, როგორიც გულისმობს სახელმწიფო გადატრიალებას, არა სადმე შეჭრაზე და ხელში ჩაგდებაზე, არამედ სიტყვის თავისუფლების ბოლომდე დაცვაზე. როგორი ფორმებით ფიქრობენ სხვადსხვა პოლიტიკური ძალები სიტყვის თავისუფლების დაცვას ეს მათი პრობლემაა, მე ყველას შემიძლია მოვუსმინო, ოღონდ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ეს ჩვენი, რუსთავი 2-ის გადაწყვეტილებაა და თქვენ შეგიძლიათ ბევრი მკითხაობის გარეშე პირდაპირ ნახოთ ჩვენი გადაწყვეტილებები. ჩვენ არც ბარიკადები გვაქვს ეზოებში, არც ბოევიკები გვყავს დასაცავად ეზოს ირგვლივ და ა.შ. ჩვენ ვმუშაობთ ისე, როგორც ვთვლით საჭიროდ და ბოლომდე დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი კომპანიის ინტერესებს… იქ არ არის საუბარი ხალხის დაყენებაზე , იქ საუბარი არის თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემაზე, იმდენად რამდენადაც ეს პროცესი ძალიან აზიანებს კომპანიას განსაკუთრებით ფინანსური თვალსაზრისით და ბუნებრივია, რომ მე ჩემს მეგობარს ვუზიარებ იმ პრობლემას, რაც მაქვს კომპანიაში. ხაზგასმით ვამბობ და ვადასტურებ, არასდროს არც ერთი ლარი არც მე პირადად, არც ჩემს ტელეკომპანიას არ მიუღია მიხეილ სააკაშვილისგან ან მისი რომელიმე მეგობრისგან“ განაცხადა ნიკა გვარამიამ.