“საშიშროება” – ნატო-ს სამხედრო ძალების შესაძლო გაფართოებას მოსკოვი ეხმაურება

8nn“ეს არ არის ახალი მოვლენა. ეს არის მოვლენა, რომლის შედეგების საშიშროებაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ”- ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ინფორმაციას, რომელსაც The Wall Street Journal ავრცელებს. გავრცელელბული ინფორმაციით, ნატო რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში დამატებითი სამხედრო კონტინგენტის განლაგების საკითხს განიხილავს. გავლენიანი გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ერთ-ერთი ვარიანტის თანახმად, პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში თითო ბატალიონს გააგზავნიან. მეორე გეგმის თანახმად, მთელ რეგიონში ნატო-ს მხოლოდ ერთი ბატალიონი – 800-დან 1 000 ჯარისკაცამდე განლაგდება. სამხედრო კონტინგენტი უშუალოდ ნატო-ს ოფიციალურ სარდლობას დაექვემდებარება.
ამერიკული გამოცემა წერს, რომ აღნიშნული გეგმა რუსეთის აგრესიის შეკავებისკენა არის მიმართული. სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ აშშ და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოები ამ ინიციატივას მხარს უჭერენ, გერმანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთის ევროპისგან იზოლირება არ სურთ.
ნატო-ში მიიჩნევენ, რომ ბერლინი სავარაუდოდ, მეორე გეგმას დაუჭერს მხარს.
აღნიშნულ საკითხზე ნატო-ს საბჭოს ოფიციალური წინადადებები ჯერ არ მიუღია.
სტატიის ავტორის მოსაზრებით, ვარშავას სამიტამდე ნატო რუსეთთან მოსაზღვრე სახელმწიფოებში დამატებით სამხედრო კონტინგენტს არ გაგზავნის. თუმცა, ალიანსში სულ უფრო ირწმუნებიან, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დაანახებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ ნატო საკუთარი ტერიტორიის დასაცავად მზად არის.