“რა წერია ღარიბაშვილის ბიოგრაფიაში?”

14cccსაფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და დიპლომატი მამუკა კუდავა, ქვეყნის მოქმედი პრემიერ- მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფიის შესახებ, საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე წერს:

“როგორ არ უნდა დაწერო საკუთარი ბიოგრაფია

თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას დავესწარი ნატოს კვირეულის ფარგლებში. ყველას მონაწილეს თვალში მოგვხვდა გამომსვლელების ბიოგრაფიებში დაწერილი პრემიერ ღარიბაშვილის საოცარი ბიოგრაფია.

  1. იწყება იმით, რომ თურმე „31 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა არჩეული ლიდერია“. ჯერ ერთი, ჩრდილო კორეის ლიდერი უფრო პატარაა. მეორეც, ახალგაზრდა ასაკის პრემიერობით ყელყელაობა ქვეყანას არასერიოზულ ელფერს აძლევს, რადგან ასეთ ახალგაზრდა ასაკში, როგორც წესი, მესამე მსოფლიოს ლიდერები (რომ არ ეკუთვნით) ხდებიან. და ბოლოს, რაც მთავარია, რომელი არჩეული ლიდერია ღარიბაშვილი? სწორედაც იმიტომ დაინიშნა ასეთი ახალგაზრდა პრემიერად, რომ ერთმა ადამიანმა აირჩია (პრეზიდენტს რომ აბრალებს, იმისგან განსხვავებით).
  2. შემდეგ უწერია, რომ ხელი მოუწერია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისთვის. ბიოგრაფიაში ასეთი რამეები რომ არ იწერება, არ იცის? თუმცა, პრინციპში პრეზიდენტს რომ წაართვა ხელმოწერის უფლება, ამიტომ აუცილებლად კი უნდა ჩაეწერა ცხოვრების მთავარი მოვლენა!
  3. კიდევ რამდენიმე უადგილო და თან ტყუილი ბელეტისტიკა წერია ბიოგრაფიაში, რაც წამკითხველს ღიმილს მოჰგვრის – „გაამყარა დემოკრატიული ინსტიტუტები“, „შექმნა მმართველობის სისტემა, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას“, „ოცნების მთავრობა ახორციელებს ყოვლისმომცველ რეფორმებს, რათა შექმნას 21-ე საუკუნის ეკონომიკა, რომელიც ეკუთვნის ყველა მოქალაქეს“, როგორც ივანიშვილის მთავრობის შსს მინისტრმა პოლიცია გაათავისუფლა პოლიტიკური ზეწოლისგან“.
  4. დანარჩენ ბიოგრაფიაში კი ერთი წინადადებით წერია, რომ იკავებდა მაღალ თანამდებობებს ქართუ ბანკში. ეს კი უცხოელ წამკითხველებში სამართლიანად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ღარიბაშვილი სინამდვილეში არა ვუნდერკინდი პოილიტიკოსი, არამედ უბიოგრაფიო ხელდასხმული მარიონეტია.

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia
ბევრი ვერგაკეთებული საქმისთვის ერთი ცუდად გაკეთებული საქმე დაგიმატებიათ – პრემიერის ძალიან სამარცხვინო ბიოგრაფია დაგიწერიათ, რამაც უცხოელ კოლეგებში მხოლოდ ირონია გამოიწვია. ქვეყნის იმიჯზე ვზრუნავ და ამიტომ გირჩევთ – შეასწორეთ ბიოგრაფია მომავალში მაინც. შინაარსს და შელამაზებას თავი დაანებეთ. ბიოგრაფია არ არის ბავშვობისდროინდელი მე-მინდა-კოსმონავტი-გამოვიდე ტექსტი, უბრალოდ ჩამოწერეთ მის მიერ დაკავებული პოლიტიკური თუ ბიზნეს თანამდებობები, თარიღები და უნივერსიტეტში მიღებული დიპლომები, თუ საერთოდ დაამთავრა (მხოლოდ კურსზე დასწრება არ ითვლება).

პ.ს. არადა, როგორ ბრაზდებიან ხოლმე, უუნაროები რატომ ვართო? ” წერს მამუკა კუდავა “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე.