პრეზიდენტი ე.წ. ფოტოგრაფების საქმით დაინტერესდა

8mmსაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფოტორეპორტიორებს, ირაკლი გედენიძესა და გია აბდალაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნალისტებს განუცხადეს , ქვეყნის პირველი პირი მათი საქმის მიმდინარეობით დაინტერესდა. “პრეზიდენტს გავაცანით ჩვენს საქმესთან დაკავშირებით არსებული ვითარება, ვუთხარით, რომ ფოტოგრაფების საქმეს დღემდე გრიფით “საიდუმლო” ადევს და რომ ჩვენ ამ დრომდე ვითხოვთ მის მოხსნას. ასევე, გამოვთქვით იმედი, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მოგვიხსნის იმ ბრალს, რომელიც წაყენებული გვქონდა”,- განაცხადა გია აბდალაძემ.
ირაკლი გედენიძის თქმით კი, პრეზიდენტი მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდათ.
“დაახლოებით ორი წლის წინ პროკურატურაში ჩვენი საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით განცხადება შევიტანეთ, რის შემდეგაც გვცნეს დაზარალულებლად, მაგრამ ამის მერე ეს პროცესი გაჭიანურდა, რის ერთ-ერთი მოტივადაც სახელდება ის, რომ საქმეს ადევს გრიფით “საიდუმლო”. ეს უნდა მოიხსნას იმ ორგანოს მიერ, რომელმაც გრიფი დაადო, ეს კი, ჩვენი ინფორმაციით, კონტრდაზვერვის სამსახურია. პრეზიდენტს, რომელიც ჩვენი საქმით დაინტერესდა, ავუხსენით არსებული ვითარება. ის შეგვპირდა, რომ მისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებით”, – აღნიშნა ირაკლი გედენიძემ.