“მცირერიცხოვან ერს, ამდენი გამოწვევის ფონზე, ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული რეგიონში”

9bbჩვენ უფრო მეტად უნდა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ვთამაშობთ რეგიონში და აქტიურად უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ მცირერიცხოვან ერს, უამრავი გამოწვევის ფონზე, ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო “რუმსში” განაცხადა, სადაც ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

“დღეს საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი ავითარებენ თავიანთ თანამშრომლობას რეგიონში, შესაძლებლობა აძლევენ ევროპის ქვეყნებს, ალტერნატიული ენერტომატარებლები და სავაჭრო გზები ჰქონეთ, მაგრამ ბუნებრივია, ეს ფუნქცია არ მთავრდება და არ იკეტება მხოლო ამ თანამშრომლობით. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ კასპიის ზღვის სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ ახალი აბრეშუმის გზის მონაკვეთზე საქართველოს, როგორც სტაბილური პარტნიორის უზრუნველყოფის კუთხით. თავის მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ევროპას, ისე აზიას თანამშრომლობის განვითარების და მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ვაძლევთ. ჩვენ მტკიცე ვართ ამ თანამშრომლობის თვალსაზრისით, მაგრამ ეს თანამშრომლობა გადის იმ რეგიონში, რომელიც უკვე სამხედრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ფედერაციის მიერ განსაზღვრულია, როგორც მისი პრივილეგირებული ინტერესის სფერო. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რმ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, რომელიც საქართველომ პირველმა იწვნია და მერე ბევრად ნათლად გამოჩნდა უკრაინასთან მიმართებაში, შესაძლოა, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ თვალსაზრისით საქართველო უმნიშვნელოვანესია, როგორც იდეოლოგიური კუთხით, რადგან არის ფაქტობრივად ლიდერი ქვეყანა ამ სარტყელში – დემოკარატიულობისა და დასავლური ღირებულებების ერთგულების თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოვანესია როგორც კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების ჩართულობას გლობალური თანამშრომლობის თვალსაზრისით. მე ვფიქრობ, ამის თაობაზე რაც შეიძლება ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან, რაც შეიძლება უფრო მეტად უნა წარმოვაჩინოთ ის როლი, რომელსაც ჩვენ ვთამაშობთ რეგიონში და უფრო აქტიურად უნდა გავუსვათ ხაზი, რომ მცირერიცხოვან ერს, ამდენი გამოწვევის ფონზე, ძალიან ბევრი გვაქვს გაკეთებული, როგორც აღნიშნული ღირებულებების დაცვის, ისე გლობალური პროექტების მხარაჭერი თვალსაზრისით”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი სასტუმრო “რუმსში”, ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან რთული ვითარების მიუხედავად, როდესაც როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს აქვს ბევრი გამოწვევა, ჩვენ ვქმნით და ვავითარებთ დემოკრატიას. მისივე თქმით, საქართველო ურთულეს რეგიონში ახერხებს, განახორციელოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალის როლის გაძლიერებას გულისხმობს.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ზე, იმ ძალიან რთულ გზაზე, რომელსაც ქართული სახელმწიფო და ქართველი ერი გადის ამ მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ნატო იქმნებოდა სწორედ იმ ღირებულებების და საზოგადოების ირგვლივ, როგორც იქმნება და ყალიბდება ჩვენი სახელმწიფო. ნატო შეიქმნა, როგორც უსაფრთხოების სისტემა, იმ სახელმწიფოებისთვის, რომელშიც თავისუფალი ადამიანები ვქმნით თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალ სახელმწიფოს. ამ ღირებულებების ირგვლივ ერთიანდებოდა და მტკიცდებოდა ეს სისტემა. ჩვენი ქვეყანაც სწორედ ისტორიულად ასე თავისუფალი, თავისუფლების მოყვარე ინდივიდების და ადამიანების ერთობაა, რომლებიც მოღვაწეობენ, რათა შექმნან თავისუფალი საზოგადოება, რომელშიც ყველა ჯგუფს შეუძლია, ერთდროულად გამოხატოს თავისი პოზიციები, ამავე დროს იცხოვროს ერთიან სისტემაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნულ კონტექსტში ქვეყნის პირველმა პირმა განმარტა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს დაცულობის, ქართული უსაფრთხოების სისტემის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ როგორც დაცული ადამიანები, დაცული საზოგადოება და დაცული სახელმწიფოს იდეალების ირგვლივ გაერთიანებული ქვეყნის შესახებ. “საქართველომ ალბათ ბევრი ნაბიჯი გადადგა იმ მიმართულებით, რათა ეჩვენებინა, რომ ეს ჩვენი რეალური იდეალებია. ძალიან რთულ ვითარებაში, როდესაც ბევრი გამოწვევა აქვს, როგორც საზოგადოებას, ისე სახელმწიფოს, ჩვენ ვქმნით, ვავითარებთ და ვაძლიერებთ დემოკრატიას. ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც საქართველო გახდა პირველი დარტყმის ობიექტი 2008 წელს, რის შედეგაც ჩვენი ტერიტორიები იქნა ოკუპირებული, ჩვენ მაინც ვქმნით დემოკრატიულ სახელმწიფოს, ურთულეს რეგიონში ჩვენ ვავითარებთ ჩვენს სტატეგიულ მიზანს, რომ ვიყოთ კავკასიაში მშვიდობის, თანამშრომლობის და ერთიანი, მშვიდობიან მომავალზე ორიენტირებული რეგიონის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ძალა. ასევე, ვქმნით ძალას თანამშრომლობისა ევროპასა და აზიას შორის”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაცული საქართველო უზრუნველყოფს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე თავისი თავია. ქვეყნის პირვეოლი პირი ამბობს, რომ საქართველო უზრუნველყოფს რეგიონის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების და უმნიშვნელოვანესი პროექტების დაცულობასაც:

“საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თავიდანვე, 90-იანი წლებიდანვე, იმის მერე, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი, გახდა დამოუკიდებელი ქვეყანა და შექმნა თავისი შეიარაღებული ძალები, მონაწილეობს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში და დღესაც ჩვენი მებრძოლები იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას, რა მიზანს და მისიასაც სამწუხაროდ ისინი ეწირებიან კიდეც. ამავე დროს საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თვისობრივად აძლიერებს, ავითარებს და რეფორმების მუდმივი პროცესის შედეგად ნატო-სთან კიდევ უფრო თავსებადს ხდის შეიარაღებულ ძალებს. ჩვენი თავდაცვის სისტემის ეს დამსახურება იქნა კიდეც აღნიშნული უელსშიც და ამ დამსახურების შედეგად საქართველომ მიიღო თანამშრომლობის ისეთი ფართო პაკეტი, როგორიც ფაქტობრივად ნატო-ს ისტორიაში სხვა ქვეყნებს შეიძლება ითქვას, რომ მანამდე არ ჰქონიათ. ეს პაკეტი არ დარჩენილა უბრალოდ დეკლარაციად, სულ ორიოდე თვის წინ ჩვენ საქართველოში გავხსენით ნატო-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრი, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღრმავებს ჩვენი ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ბუნებრივია, არა მარტო საქართველო, დღეს ფაქტობრივად მთელი ევრაზიის კონტინენტი, არის სერიოზული გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე, რაც ბუნებრივია აისახება ჩვენს ქვეყანაზე. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება ღიად უნდა ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტად უფრო გავაგებინოთ ყველა ჩვენს პარტნიორს ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც საქართველო ამ თვალსაზრისით თამაშობს.
საქართველოს დაცულობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლებისმოყვარე, დემოკრატიული, თავისი არჩევანის ერთგული ერი იმსახურებს დაცულობას და მხარდაჭერას, არამედ მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ასეთი სახელმწიფო უზრუნველყოფს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე თავისი თავია. ის უზრუნველყოფს რეგიონის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზების და უმნიშვნელოვანესი პროექტების დაცულობასაც”, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კანონის უზენაესობა გულისხმობს, ნებისმიერი ფინანსური შესაძლებლობებისა და პოლიტიკური წონის ადამიანისთვის თანაბარ პასუხისმგებლობას კანონის წინაშე. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ნატო-ს კვირეულის ფრგლებში გამართულ დისკუსისაზე, პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. „ადამიანი, რომელსაც ჰქონდა და აქვს პოლიტიკური სტატუსი ან წონა, ასეთი ადამიანის გასამართლება აპრიორი არის თუ არა პოლიტიკური პატიმრობა? მოგახსენებთ რომ არა. იმიტომ, რომ კანონი სწორედ იმიტომ არის უზენაესი და კანონის უზენაესობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური წონის ფინანსური შესაძლებლობის მქონე ადამიანი, ისევე როგორც ასეთ პრივილეგიას მოკლებული რიგითი მოქალაქე, ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში არიან პატირები, რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკური წარსული, მაგრამ ამავე დროს, არის სისხლის სამართლის დევნა, ეს აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდეტი ევროსაბჭოს რეზოლუციასაც გამოეხმაურა, სადაც საუბარია წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზე „პოლიტიკური პატიმრების თემა არ ყოფილა იმ რეზოლუციის საგანი, რომელშიც თითქოს პოლიტპატიმრებზეა საუბარი. იქ საუბარი იყო, რომ გადაცდომებია წინასწარ პატიმრობაში, იმ რეზოლუციაში არსებული ბევრი რეკომენდაცია უკვე გათვალისწინებულია. მეორეს მხრივ ბევრი რეკომენდაცია, რომელიც ამ რეზოლუციაში იყო, იმედი მაქვს ჩვენი სასმართლოს მიერ გათვალისწინებული იქნება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.