“დიპლომატებს აიძულებენ ყალბი დოკუმენტები დააგზავნონ პარტნიორებთან და შეცდომაში შეიყვანონ ისინი”

11138kandelaki“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ საქართველოს პარტნიორების მისამართით ყალბი დოკუმენტები დააგზავნონ. დეპუტატმა მედიას გააცნო სამი დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, “დიპლომატთა კლუბმა” მოიპოვა. კერძოდ, უცხოელი პარტნიორებისთვის დაგზავნილი პრემიერ-მინისტრის განცხადება წამების კადრების გავრცელების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე, ხელისუფლების გამოხმაურება “რუსთავი 2”-ისა ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და გოგი თოფაძის განცხადებაზე.

“მე ვფიქრობ, ეს არის თვალსაჩინო ტრაგიკული მაგალითი იმის, როგორ ანგრევს ივანიშვილის რეჟიმი სახელმწიფო ინსტიტუტებს, ამ შემთხვევაში – საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩვენს დიპლომატებს, საელჩოს თანამშრომლებს აიძულებენ, რომ დააგზავნონ ყალბი დოკუმენტები საქართველოს პარტნიორების მისამართით, შეცდომაში შეიყვანოს ისინი. მაგალითად გამოდგება პრემიერ–მინისტრის ყალბი განცხადება, რომელიც არსად გამოქვეყნებულა. საქართველოში მან შიდა აუდიტორიისთვის გაამართლა ძალადობა, რასაც მკვეთრი რეაქცია მოყვა საერთაშორისო პრესაში, ხოლო სხვადასხვა პარტნიორებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაუგზავნეს არარსებული განცხადება, რომლის შინაარსიც შეიძლება შევაჯამოთ ასე – “შემოევლოს “ნაციონალურ მოძრაობას” ჩემი თავი”. ეს არის უბრალოდ სიცრუე. ყველაზე უფრო საგანგაშო, ჩემი აზრით, ამ დოკუმენტების ჩამონათვალში არის გუშინ ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მისიის მიერ გავრცელებული “ქართული ოცნების” პარტიული განცხადება, რომელსაც ბატონი ვოლსკი აწერს ხელს. თავი რომ დავანებოთ ამ განცხადების საბჭოთა სტილს, იგი შეურაცხყოფას აყენებს ევროპის სახალხო პარტიას, ევროპის ყველაზე დიდ პოლიტიკურ ოჯახს, რომლის წევრიც არის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ჭკუას ასწავლის სრულიად წარმოუდგენელი ენით ამ დემოკრატიულ პოლიტიკურ ოჯახს. ეს არის შეურაცხყოფა ჩვენს დიპლომატიაში დასაქმებული პატრიოტი ადამიანებისა, კეთილსინდისიერი სახელმწიფო მოხელეებისა”,- განაცხადა კანდელაკმა.