“მე არ ვარ რუსების კომენტატორი…”- ხიდაშელი ინაშვილზე

11collage500 ქართველ ჯარისკაცს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ვერ წავართმევთ, – ასეთი კომენტარი გააკეთა თავდაცვის თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა.
მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ირმა ინაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საგარეჯოში არჩევნებს და იქ ჯარისკაცების აღრიცხვას ეხებოდა.
“მე არ ვარ რუსების კომენტატორი, ამიტომ ნამდვილად არ ვაპირებ ამაზე პასუხის გაცემას. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში რიცხული სამხედრო მოსამსახურეები არიან კონკრეტულ დისლოკაციებზე, რომელიც იდენტიფიცირებულია სამინისტროს მხრიდან. ჩვენ უზრუნველყოფთ აბსოლუტურ საჯაროობას. სამინისტროს ვებგვერდზე დევს ყველა საჯარო დოკუმენტი, რომელიც მუხროვანის საარჩევნო უბანს ეხება. თუ ეს საკითხი გაინტერესებთ, ეს კითხვა არ უნდა დაგესვათ. ჩემი საქმე ვინმეს კომენტარი არ არის, ჩემი საქმეა, ფაქტები გავხადო ღია და გამჭვირვალე. ეს ფაქტი არის ღია და გამჭვირვალე”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
მინისტრის განცხადებით, დოკუმენტებით დადასტურებულია, რომ 2012 წლის ივლისში, მაშინდელ თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას ბრძანებით, მუხროვანში ჯარის ნაწილი გაუქმდა, შესაბამისად 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში დისლოცირებულ ჯარისკაცებს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ. 2012 წლის 8 ოქტომბერს კვლავ აღდგა აღნიშნული ნაწილი.
“2013 წელს ეს ბიჭები იყვნენ წინა გადასროლის მომზადებაში, შესაბამისად არ იყვნენ მუხროვანში, საკუთარ ბაზაზე და ვერ მიიღებდნენ არჩევნებში მონაწილეობას. 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს ისინი ავღანეთში იყვნენ, შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. 2014 წლის იანვარში საკუთარი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ. 2014 წლის იანვარში მე ვიყავი მყარად დეპუტატი, არსად წასვლას არ ვგეგმავდი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის გეგმა არ მქონია”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, 500 ქართველ ჯარისკაც არჩევნების მონაწილეობის უფლებას ვერ წაართმევს. თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა მედიას, გაეცნოს დოკუმეტებს, რომელიც ხელმისაწვდომია.
“მე მესმის მისი წუხილი, ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ რუსეთთან ერთად წარმოუდგენია საქართველოს მომავალი, როგორც ჩანს ეშინია, რომ ხმას არ მისცემენ. მაგრამ ეს ჩემი პრობლემა არ არის, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც ჩემი ქვეყნის პრობლემა არ გახდება არასოდეს”, – აღნიშნა ხიდაშელმა.