დეპუტატები კოლეგის წინააღმდეგ: შეძრწუნებულები ვართ გოგი თოფაძის კომენტარების გამო

13deputattssსაქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ვიქტორ დოლიძე კოლეგის გოგი თოფაძის კომენტარებს სტალინთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან, რომელსაც “პირველი რადიო” უცვლელად გთავაზობთ

“შეძრწუნებულები ვართ საქართველოს პარლამენტის წევრის, გოგი თოფაძის, მიერ ახლახან გაკეთებული კომენტარების გამო, იოსებ სტალინთან დაკავშირებით, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტისა და ჩვენი პოლიტიკური პარტიების – “ქართული ოცნების”, “რესპუბლიკელებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” – ერთმნიშვნელოვან პოზიციას.

კიდევ ერთხელ მოვიხმობთ საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც პარლამენტის პარლამენტმა მიიღო 2013 წლის 25 დეკემბერს, 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ, და რომლის ძალითაც იზღუდება ტოტალიტარიზმის სიმბოლიკის საჯარო ადგილებში გამოტანა. ამ სიმბოლიკას განეკუთვნება ასევე ყოფილი საბჭოთა დიქტატორის – იოსებ სტალინის სურათები.

რა თქმა უნდა, რომ ბატონ თოფაძეს უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გააჩნდეს აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოსაზრებების ან წინადადებების რეალიზება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან.

საქართველომ და მისი მოსახლეობამ მასობრივი დანაკარგი და ტანჯვა განიცადა სტალინის დიქტატურის წლებში და ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ იმ უამრავ ნათესავსა და მეგობარს, რომლებმაც თავი შესწირეს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და დაიღუპნენ იმ საზარელი პერიოდის რეპრესიებსა და გულაგებში.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ეს ტრაგიკული პერიოდი, და ამ საზარელ დანაშაულთა ჩამდენ პირთა განდიდება უნდა იყოს და იქნება კიდეც აღკვეთილი”.-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გოგი თოფაძის განცხადებებს, “რუსთავი 2”-თან და სტალინის სურათთან დაკავშირებით ეხმაურება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ თოფაძის განცხადება ზედაპირული იყო და მას სიტყვა გაექცა, ისევე როგორც ხშირად გაურბის სიტყვა. მინისტრი ამბობს, რომ დეპუტატს პატივს სცემს, თუმცა მან უფრო მეტად დაკვირვებული განცხადებები უნდა გააკეთოს. “მაგალითია ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა სტალინთან დაკავშირებით. გულწრფელად გეტყვით, მართლა რომ მოვიდეს სტალინი, პირველ რიგში თოფაძეს მიადგება, როგორც იმპერიალიზმის აგენტს, კაპიტალიზმის გადმონაშთს და გააციმბირებენ, ხოლო ჩვენთან და თქვენთან მეორე და მესამე რიგში მოვლენ. ამიტომ არა მგონია, თოფაძეს ძალიან უნდოდეს იმ ადამიანის მკვდრეთით აღდგომა”, – განაცხადა სიზარ სუბარმა და აქვე რუსთავი 2 თან დაკავშრებით დეპუტატის განცახდებას შეფასა: “რუსთავი 2″-მა არაერთი მფლობელი გამოიცვალა და მაინც არსებობს, თუ კიდევ გამოიცვლის მფლობელს, მაინც იარსებებს, ისევე როგორც, თუ არ გამოიცვლის”.