BIAFF-ი გაიხსნა [ფოტო ვიდეო]

get_img13 სექტემბერს, ბათუმის მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალი – BIAFF – გაიხსნა. ოთარ იოსელიანის ფილმის, „ზამთრის სიმღერა”, ჩვენება ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეფერხდა.
ფესტივალის მენეჯერმა ზვიად ელიზიანმა ხარვეზების გამო ბოდიში მოიხადა: „როცა არ გაქვს დიდი კინოთეატრი და ყველაფრის თავიდან აწყობა გიწევს, ხანდახან შეიძლება იყოს დაგვიანება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით აუდიტორიას“.

ოთარ იოსელიანმა ფესტივალზე და ბათუმზე ილაპარაკა: „ბათუმის კინოფესტივალი არის შესანიშნავი წამოწყება. მე ამაყი ვარ იმით, რომ ასეთი ფესტივალის ჩატარება შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ბათუმი ძველი ქალაქია, ბათუმი ნაიარევი ქალაქია. ბათუმი დამახინჯებული ქალაქია. დღევანდელი ბათუმი აღარ არის ძველი ბათუმი. ლას-ვეგასს გავს და ეს ვიცი საიდანაც წამოვიდა, ვინ არის ამის მთავარი არქიტექტორი“.

BIAFF ყოველწლიურად გასცემს პრიზს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. ფესტივალის გახსნის დღეს ეს პრიზი პოლონელ მსახიობს, მაია კომოროვსკას გადასცეს.

ფესტივალის გახსნაზე ცნობილი ქართველი მწერლის, სცენარისტის რეზო ჭეიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

14 სექტემბერს ფესტივალი კინოთეატრ „აპოლოში“ მეთიუ ჰეინმანის [აშშ/მექსიკა] ფილმის „კარტელის მიწა“ ჩვენებით გაგრძელდება. ფილმი დოკუმენტური ფილმების სექციაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს ნაჩვენები იქნება სოფია ტურკიევიჩის ფილმი [ავსტრალია/პოლონეთი/იკრაინა] – „ოდესღაც დედაჩემი“ და სხვა ფილმები.