“სამწუხაროა თქვენც რომ ვერ შეიგნეთ – ჩვენ ვართ ტორპედო, ჩვენ!”_ქომაგთა კლუბ ჯუნგლების განცხადება

11991017_386780618199341_1206915815_oქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედო”-ს ქომაგთა კლუბი “ჯუნგლები” საგანგებო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა საინფორმაციო სააგენტო ბი ნიუს-ს გამოუგზავნა, ნათქვამია, რომ კლუბში მოვლენები არასწორად ვითარდება, რასაც გულშემატკივრები არ შეეგუებიან.

“ქუთაისის “ტორპედო”-ს ირგვლივ შექმნილი ვითარება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შორიდან ვუყურთ ამ მოვლენებს. როგორც მოგეხსენებათ, კლუბი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც რიგითი ადამიანების გადასახადებიდან ივსება. შესაბამისად, ქუთაისის “ტორპედო”-სთან დაკავშირებულ არც ერთ პიროვნებას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს თანხები ბოროტად მართოს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს. ჩვენი კლუბის ფერები არ არის ხელმძღვანელების სათამაშო ობიექტი. კლუბის ლოგო არის ჩვენი ღირსება და მისი ქვევრზე დამსგავსება ნებისმიერი საღად მოაზროვნე “ტორპედო”-ს ფანისთვის მიუღებელია. ქუთაისის “ტორპედო” არ არის თავშესაფარი, სადაც უსაქმური მკვდარი სულები და ვიღაცის ახლობლები შევინახოთ. წლებია გვიწევს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა, აქამდე ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი და გასაყრელებიც გავყარეთ. რა თქმა უნდა, ახლაც იგივე განმეორდება! სამწუხაროა თქვენც რომ ვერ შეიგნეთ – ჩვენ ვართ “ტორპედო”, ჩვენ!,” – ნათქვამია ქომაგთა კლუბ “ჯუნგლები”-ს განცხადებაში.