ხულოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ყოფილი თანამშრომლები ხელმძღვანელობას ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

fgjნანული მელაძე ხულოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში 2003 წლიდან მედდა-ოპერატორად მუშაობდა. პროფესიით მედდა გვიყვება, რომ იმის მიუხედავად რომ ოფიციალურად ოპერატორის პოზიცია ეკავა ხშირი გამოძახებების გამო ექთნადაც უწევდა მუშაობა. გასული წლის აპრილში ნანული მელაძე სასწრაფოს სამ ოპერატორთან ერთად, სამსახურში დაწყებული რეორგანიზაციის შედეგად გაათავისუფლეს. მისი მტკიცებით, დათხოვნისას პირობა მიიღო, რომ 112-ში ვაკანსიის შემთხვევაში ოთხიდან ერთერთს მაინც დაასაქმებდნენ. მედიკოსების მტკიცებით, შტატი ერთი თვის წინ გამოჩნდა და დასასაქმებლად განცხადებაც შეიტანეს, თუმცა მათ ნაცვლად შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ბიცოლა გულნაზ შაინიძე ინიშნება.

ხულოს სასწრაფოს მენეჯერი სასწრაფი-სამედიცინო ცენტრში ახალი თანამშრომლის დანიშვნას გვიდასტურებს, თუმცა კომენტარს არ აკეთებს. საპირისპიროს ამტკიცებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი. სატელეფონო საუბარში ის აღნიშნავს, რომ ახალი თანამშრომელი არ დაუნიშნავთ და განცახდებით მიმართვის შემთხვევაში უკვე გათავისუფლებული თანამშრომლების კანდიდატურებსაც განიხილავს.

თეიმურაზ ხარაშვილისაგან განსხვავებით საკუთარ დანიშვნაზე მტკიცებით ფორმაში საუბრობს გულნაზ შაინიძე, თუმცა აქვე განმარტავს, რომ ბრძანება ჯერ არ მიუღია. ის ასევე არ უარყოფს, რომ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავია, მაგრამ ირწმუნება, რომ მის დანიშვნასთან კავშირი ამ გარემოებას არ ჰქონია. გულნაზ შაინიძე აღნიშნავს, რომ 20 წელი საავადმყოფოში მუშაობდა, თუმცა ბოლო ერთი წელი უმუშევარი იყო.

ხულოში სასწრაფო სამედიცინო სამსახურში ვაკანსია ერთი თვის წინ გაჩნდა. მას შემდეგ რაც მედდის პოზიცია ერთმა თანამშრომელმა დატოვა.