ერმაკოვი: სკვერი სანაცვლოდ ქალაქის სხვა ნაწილში მოეწყობა

გიორგი ერმაკოვი

ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მდებარე პარკის გასხვისების ფაქტს დღეს ბათუმის მერი გამოეხმაურა. გიორგი ერმაკოვის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი იყო, ხოლო თავად პროექტის განხორციელება – მერიისთვის ძალიან სასარგებლო. ამ მიზეზის გამო ბათუმის მერიამ პარკი გაასხვისა, თუმცა ერმაკოვის განცხადებით, სანაცვლოდ მწვანე საფარები ქალაქის სხვა ტერიტორიებზე მოეწყობა.

შეგახსენებთ რომ ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მისამართით, ბათუმში ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, ხელისუფლების მიერ გასხვისებულ და ინვესტორის მიერ შემოღობილი სკვერის ღობეზე, დღეს ასეთი შინაარსის წარწერები გაჩნდა: „ერმაკოვო, ნუ გადაგვიკეტავ ჰაერს“, „ხაბაძე, ნუ გვართმევ სკვერს“.
მრავალსართულიანი კორპუსების წინ სკვერის გასხვისებას და იქ მაღლივი კორპუსის მშენებლობას, მოსახლეობა აპროტესტებს.
„ხეს ვერ მოჭრის ვერავინ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხეივანია. სადაც იღებენ სახლს, იქვე ააშენონ ახალიც, რა უნდა ხეებთან“- ამბობს მოქალაქე. ნანა ინაიშვილი.
„ხეები არ უნდა მოიჭრას. აქ 100-120 წლის ხეები დგას. ჰაერი ისედაც არ არის ქალაქში, ჩვენი შვილები ამ სკვერში თამაშობენ და ამის განადგურება როგორ შეიძლება?“- გვეუბნება გურამ მახარაძე.
მსგავსი პოზიცია აქვს, მაგული ბერიძესაც: „ყველა წესი და კანონი უნდა იყოს დაცული მშენებლობის დროს დ სკვერის ხარჯზე არ უნდა შენდებოდეს სახლები. ჩვენ არ დავუშვებთ ხეების მოჭრას“.
მოსახლეობა მიიჩნევს რომ კორპუსის მშენებლობის გამო, მწვანე საფარი არ უნდა განადგურდეს: „ქალაქში ჟანგბადი არ არის, გარემო დაბინძურებულია და ამხელა ხეების მოჭრა შეიძლება? გადავკეტავთ აქაურობას და ამის უფლებას არავის მივცემთ“.
შემოღობილი სკვერის ღობეზე, რამდენიმე პირმა პროტესტის ნიშნად წარწერები გააკეთა.