ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და ნურც უფალს დავაბრალებთ ამას

скачанные файлы

  • როგორ უნდა ვუყურებდეთ სტიქიურ უბედურებას მართლმადიდებლები? არის თუ არა ეს სასჯელი? – ამ შეკითხვით მივმართე ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ შიო პაიჭაძეს.
  • სადაცა გარდაემატოს ცოდვა, მუნ გარდაემატოს მადლი ღვთისა. ამ საკითხს თანამედროვენი ძალიან ორაზროვნად ხსნიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არ არის სასტიკი. სტიქია და წარღვნა, რომელიც ჩვენზე მოიწევა, განსაცდელია და არა სასჯელი. განსაცდელი ჩვენივე შეცდომების და ბუნების ხელყოფის შედეგია. ჩვენი წინაპარი სოფლებს ეკლესია- მონასტრებს უსაფრთხო ადგილებზე აშენებდნენ, ჩვენ კი ხელაღებით შევებრძოლეთ ბუნებას და ვუგეგმავთ მას თუ, როგორ მოიქცეს. რა შუაშია ღვთის რისხვა? მთავარი საკითხი ის არის, რომ არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. განა წარღვნა ღვთის გამოცდა არ იყო? ადამიანებმა დაივიწყეს შემოქმედი და მას ზურგი აქციეს, მაგრამ უფალმა ნოე მოუვლინა სალხინებელად და მქადაგებლად, მაგრამ არც მისი ისმინეს, განა მდიდარ კაცს გლახაკი ლაზარე საცხოვნებელად არ მიეცა? მაგრამ ვერც კი შეამჩნია მდიდარმა გლახაკი, ისე დატოვა წუთისოფელი და გავიდა ამ ქვეყნიდან. ყველას გვეძლევა ის, რაც ჩვენი სულისთვის სასარგებლოა და დამაფიქრებელი, მაგრამ ამ სულიერ საზრდოს ისე ჩავუვლით გვერდით, რომ ვერც კი ვამჩნევთ მას, ან უკეთ რომ ვთქვათ – არც კი ვამჩნევთ.
    სტიქია მძიმე მოვლენაა. ბუნებას წინ ვერავინ აღუდგება და ნურც უფალს დავაბრალებთ ამას. გავიხსენოთ, რომ ჩვენ ახალ აღთქმაში ვართ და უფალმა თავისი ჭეშმარიტი სახე განკაცებით გვიჩვენა. განა მრისხანე იყო მაცხოვარი? ის მხოლოდ მაშინ განრისხდა, როცა მეკერმენი და მოვაჭრენი ღვთის სახლში იხილა. განა მეკერმენი და მოვაჭრენი დღესაც არ იკრიბებიან ღვთის სახლში. იქ კი არ ვაჭრობენ, არამედ დადიან და არც კი ნანობენ, რომ მევახშენი არიან და ადამიანის მტრები. უბრალოდ მოდაა და დადიან. აი, ამას ყოვლადმოწყალე უფალი სულ სხვანაირად უყურებს და გვმართებს შევინანოთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა.

ღმერთი არ სჯის, იგია სიყვარული უმაღლესი. ღმერთი, რომელიც ჩვენ ქრისტიანებს გვწამს, არ სჯის, პირიქით – იგი გვევლინება, როგორც უმაღლესი თავისუფლება. აბა გადავავლოთ თვალი შესაქმეს ადამიანის შექმნას. ცოდვა თავად სიკვდილია და სასჯელი. ეს უფალს არ მიუნიჭებია. ეს თავად ადამიანმა ისურვა და სიკვდილი მის ზედა მიჰფინა. სიკვდილი ღვთის სასჯელი არ არის, იგი ბუნებრივი პროცესია ორგანულ ასპექტში, ხოლო სული უკვდავია, მაგრამ დადგება დრო, როდესაც ყოველი დაბადებული აღდგება მკვდრეთით და “გამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა და ბოროტის მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა…” სტიაქიაც ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. როცა ბუნების განვითარების პროცესში უკეთურად ერევი, რა თქმა უნდა, შემდგომ ეს პროცესები ხდება.
ღმერთი ადამიანს მხოლოდ სიყვარულით ესაუბრება. სხვანაირად მას არ შეუძლია, იგი სამართლიანია და მის სამართალს ადამიანი თავისი გონებით ვერ ჩაწვდება და ვერც განსაზრვრავს. ამიტომაც განკაცდა იგი და გვაჩვენა წმინდა სამების ნამდვილი სახე. ქრისტეს ჯვარს აცვამდნენ, მაგრამ მას არავინ დაუსჯია, პირიქით – მისატევებელ სიტყვებს წამოსთქვამდა. თუ ვინმე დასასჯელია და ისჯება, ისევ მისივე უკეთურებით ღებულობს სასჯელს, მაგრამ ნურავის ეგონება ის, რომ ჩვილი, რომელიც გარდაიცვლება, ის დაისაჯა. როცა ადამიანი ბოროტებას უჯერებს, იგი ხდება მონა ბოროტებისა. თავად ბოროტების მიმდევრობაა სასჯელი. განა სასჯელი არ არის, როცა ადამიანი ბოროტია და ცხოვრებას შურით აღვსილი აგრეძელებს?.
უფალს სჯული არ გაუუქმებია, პირიქით – მან აღასრულა სჯული და სჯულის აღსრულება სიყვარული არს.