სკანდალი: “ვისი დავალებით წაშალეს 16 ივნისის კონცერტის მასალები აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდიდან”

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრის ნატა იმედაიშვილის განცხადებით, აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან სიუჟეტის ჩამოხსნის გადაწყვეტილება ტელევიზიის დირექტორმა სოსო სტურუამ მიიღო.

„ჩემთვის, პირადად, იყო ძალიან მოულოდნელი და ძალიან სამწუხარო ფაქტი, აჭარის ტელევიზია და რადიო არ ყოფილა ამ ღონისძიების ავტორი, ჩვენ არ გაგვიკეთებია ამ ვარსკვლავების გახსნა და რა თქმა უნდა, ეს არ უნდა დამალულიყო. ჩატარდა, მოხდა ფაქტი, გაშუქდა და ჩვეულებრივად იდო ვებგვერდზე. ჩამოხსნის ფაქტი მეც სოციალური ქსელით გავიგე, შევედი ტელევიზიის დირექტორთან, რადგან მინდოდა მომესმინა რას ფიქრობდა ამასთან დაკავშირებით და მან ასეთი განმარტება გააკეთა, რომ მას დაურეკეს თბილისიდან მისმა მეგობრებმა, ბათუმიდან წასულმა ადამიანებმა, რომლებიც დროებით ცხოვრობენ თბილისში, თვითონაც იყო შეწუხებული იმ ფაქტით, რომ ტრაგიკული დღე გათენდა საქართველოში და ამ დროს ბათუმი აკეთებს ასეთ ღონისძიებებს და არის ტაშ-ფანდური, ამიტომ მოვხსენი ვებგვერდიდანო. ეს იყო მისი განმარტება. საერთო ჯამში, ეს ძალიან მძიმე სურათია“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, – ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ დირექტორი ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში და ამით შეეცადა შეესუსტებინა აჭარის ხელისუფლების მიმართ საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკა, რომელიც სოციალურ ქსელში ამ ფაქტის შემდეგ მოხდა, ნატა იმედაიშვილი პასუხობს: „შესაძლებელია ესეც იყოს რაღაცის ნაწილი. თუმცა, სოციალურ ქსელში უკვე გაზიარებული იყო და მეც ასე ვნახე და აჭარის ტელევიზიას არ უნდა შეეძლოს ამხელა ნაბიჯის გადადგმა, რომ ეს ფაქტი დაფაროს. მრჩეველთა საბჭო პასუხისმგებელი ვართ ამაზე, ეს არ უნდა მომხდარიყო და ჩვენ მკაცრი ვიქნებით ამ ფაქტის შეფასებისას“.

ამავე თემაზე იხილეთ: “აჭარის მთავრობის მეთაურის გვერდზე 16 ივნისის კონცერტის ფოტოები ჯერ გამოქვეყნდა, მერე კი წაიშალა”