დამეწყრილი ნათესები და გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლები ხულოში

HGGFH

უხვი ნალექის გამო ინფრასტრუქტურული პრობლემები შეიქმნა ხულოს მუნიციპალიტეტში. ადიდებულმა მდინარემ სოფლის უბნებთან დამაკავშირებელი ხიდები წაიღო და საავტომობილო გზები დააზიანა, რის გამოც ხულოში ათამდე სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ოქრუაშვილებში, ვაშლოვანში, ტაბახმელაში, მეკეიძეებში, აგარაში და კიდევ რამდენიმე სოფელში დაიტბორა ნათესებიც. ადგილობრივების თქმით, მათი შემოსავლის წაყრო სიმინდი, კარტოფილი, ხახვი და სხვა მცენარეები უკვე განადგურებულია, მოსავლის დატბორვას ხულოში მცხოვრებლები სანიაღვრე სისიტემების მოუწესრიგებლობას უკავშირებენ. რამდენიმე წუთის წინ სოფელ ვაშლოვანში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს. შეკრებილები სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებას და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები თვითმმართველობას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ხულოს გამგეობაში განმარტავენ, რომ გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო დაზარალებულებს შესაბამისი კომისია სწავლობს.