ბათუმში დედაქალაქში დაზარალებულთა დასახმარებლად 100-მდე მოხალისე დარეგისტრირდა

"მადლობა სოლიდარობისთვის!" - მოხალისეები გმირთა მოედანზე

დედაქალაქში ამინდის გაურესებაა მოსალოდნელი. ცოტა ხნის წინ ვერეს ხეობიდან და სვანიძის ქუჩიდან მოხალისეები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლების გაყვანა დაიწყეს. გაიმართა საგანგებო შტაბის სხდომა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეჩერდეს. სტიქიის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად და ქალაქის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ბათუმში 100-მდე მოხალისე დარეგისტრირდა. მოხალისეებს რეგისტრაცია 26 მაისის 45 ნომერში შეუძლიათ. მათ ჯგუფში ჩართული არიან რეზერვისტებიც. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზიც, ნომერზე 27-41-72. გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაც. მსურველებს საყოფაცხოვრებო ნივთების, ჰიგიენური საშუალებების და მედიკამენტების დატოვება ქალაქის 13 ტერიტორიულ ერთეულში შეუძლიათ. ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყეს რიგითმა მოქალაქეებმაც. ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ყველა მსურველს თანხისა და საჭირო ნივთების მიტანა სამი დღის განმავლობაში დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე შეეძლება. ასევე, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ოფისშიც, რომელიც ლუკა ასათიანის 27 ნომერში მდებარეობს. ორგანიზაციაში შეგროვილი ტვირთის პირველი ნაკადი ბათუმის მერიას დღეს გადაეცემა. აჭარის მასშტაბით შეგროვილ ჰუმანიტარულ ტვირთს თვითმმართველობა დედაქალაქში კვირის ბოლოს ჩაიტანს.