როდის დასრულდება ქალაქში წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაცია

წყალი

ადლიის ქუჩის მესამე ჩიხში მცხოვრებლებმა საკუთარი მაჟორიტარი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში არჩევნების შემდეგ პირველად ნახეს. ბევრისთვის უცხო იყო გამგებელიც.

ხელმძღვანელი პირები მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც ადგილობრივები ქუჩის მოწესრიგების მოთხოვნით გამოვიდნენ და დასახმარებლად გვიხმეს. ამბობენ, რომ ავარიული გზა ელემენტარული კომფორტის გარდა დამსვენებლებსაც აკარგვინებთ.

როგორც მერიაში განმარტავენ, ადლიის დასახლების რეაბილიტაცია KFW-ს პროექტის მეოთხე ფაზითაა გათვალისწინებული, რაც 2016 წლიდან დაიწყება და 2019 წელს დასრულდება.

უბნის მაჟორიტარმა ამომრჩევლებს უფრო დამაიდებელი პირობა მისცა. ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ აგვისტოში სავალი ნაწილი მოწესრიგებული იქნება.

ქალაქში ამჟამად მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძირითადად ჭაობის რეაბილიტაციას მოიცავს. ჭავჭავაძე-წერეთელი-შავშეთი-მთისძირი-ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთებზე უნდა მოწესრიგდეს წყლისა და კანალიზაციის სისტემა. ოცდარვა თვეზე განაწილებული სამუშაოებიდან წელს გიორგი ბრწყინვალე-ჭავჭავაძის ქუჩებს შორის მონაკვეთი, 2017 წლის მეორე ნახევრამდე კი გიორგი ბრწყინვალე-მთისძირის ქუჩებს შუა მონაკვეთი მოეწყობა. პარალელურად დაიწყება სამუშაოები კიდევ რამდენიმე ტერიტორიულ ორგანოში.

მესამე ფაზის სამუშაოებისათვის 45 მილიონი ევროა გათვალისწინებული, მეოთხე ფაზისთვის კი ტრანში 30 მილიონი ევრო იქნება. რაც შეეხება დარჩენილ შემოერთებულ ტერიტორიებს, აქ მომდევნო წლებში პროექტირებასა და ხარჯთაღრიცხვებზე მუშაობა დაიწყება.