“საახალწლო მილოცვები პოლიტიკოსებისგან და სხვა ცნობილი სახეებისგან”

ახალიექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ ახალ წელს საჩუქრების ყიდვა განსაკუთრებით უყვარს:

„საახალწლო სამზადისის დეტალები ჩემს მეუღლეს უნდა ჰკითხოთ, დაპირება შეასრულა, საცივიც გვქონდა სუფრაზე. ზოგადად, სამზადისს შესაბამისი სურსათის მოგროვებით ვიწყებთ ხოლმე. ისეთი ტრადიცია, არაფერი მაქვს, საჩუქრების ჩუმად ყიდვა მიყვარს. მეკვლეს რაც შეეხება, ძაღლს ვუშვებთ ხოლმე გარეთ და მერე უკან შემოგვყავს, ძაღლისგან ხეირი ხომ უნდა ვნახოთ და მშვენიერი მეკვლეა… მინდა, რომ 2015- ში უფრო მეტი გაღიმებული სახე და ნაკლები მათხოვარი იყოს ქუჩაში”, – აღნიშნავს საყვარელიძე.

უშიშროების საბჭოს მდივანი 2015 წელს, ისევე როგორც ყოველ ახალ წელს, ოჯახთან და შვილებთან ერთად შეხვდება.

„ახალ წელს შევხვდები შვილებთან ერთად ოჯახურ გარემოში. ასე ვიქცეოდი ყოველთვის და არც ახლა დავარღვევ ტრადიციას. ახალი წლის დადგომის შემდეგ კი პრეზიდენტთან ერთად, სამხედრო ნაწილში წავალ. ჩვენი ოჯახის ტრადიცია ახალ წელს არის ის, რომ აქამდე სხვაგან არ შევხვედრივარ, სხვა რაიმე ტრადიცია არ გვაქვს”, – განაცხადა უშიშროების საჭოს მდივანმა.

„რეპორტიორთან” საუბრისას ირინა იმერლიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, ნაძვის ხეს ყოველთვის თვითონ რთავს.

„წინასაახალწლო მზადებაში ჩართული ვარ შეძლებისდაგვარად, ნაძვის ხეს ყოველთვის მე ვრთავ”, – აღნიშნა იმერლიშვილმა.

გიორგი ახვლედიანს ახალი წლის არასტანდარტულ გარემოში შეხვედრა სიხარულს არ ანიჭებს და ტრადიციულად ოჯახთან ერთად ხვდება. ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია და ამ დღეს ყველა ადამიანი საკუთარ ოჯახთან ერთად შესაბამისი განწყობით ხვდება.
„ისევე, როგორც ყველასთვის, ახალი წელი ჩემთვისაც გამორჩეული დღესასწაულია. ყველაზე ცოცხალია, ყველაზე განათებული, ყველაზე მრავალფეროვანი, ამ დღეს დიდი მოლოდინები უკავშირდება, შესაბამისად, განწყობაც ამაღლებულია. დღესასწაულს ყოველთვის ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები, შეიძლება, ეს არ იყოს სახლში, მაგრამ აუცილებლად ოჯახის წევრებთან ერთად, სხვანაირად წარმოუდგენელია. ვთვლი, რომ ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. სხვათაშორის, ახალგაზრდობაში მქონდა მცდელობა, რომ ორიგინალურად შევხვედროდი ახალ წელს, არასტანდარტულ სიტუაციებში, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამან დიდი სიხარული და სიამოვნება მომანიჭა. ახალ წელს ოჯახთან ერთად უნდა შევხვდე, შემდეგ შეიძლება მეგობრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან სტუმრობა, ხან ჩვენ გავდივართ, ზოგჯერ ისინი გვსტუმრობენ. ახალ წელს ყოველთვის დიდი ზეიმით ვხვდებით, ვცდილობთ, ყოველი დღესასწაული იყოს ძალიან დასამახსოვრებელი.

საახალწლო განწყობას ოჯახში ბავშვები ქმნიან, მითუმეტეს, როდესაც პატარები არიან. ისინი ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ელოდებიან ამ დღეს. ნაძვისხიდან დაწყებული და საახალწლო ჟრიამულით დამთავრებული, ისინი იმდენად არიან ჩართულები ამ ყველაფერში და იმხელა სურვილს გამოხატავენ, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზი იყოს, გინდა-არ გინდა, ექცევი ამ განწყობის ქვეშ. შეიძლება, წინასაახალწლო დღეებში საერთოდ არ გეცალოს ამისთვის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვების განწყობა ყოველთვის გადადის ოჯახის ყველა წევრზე. დეკემბრის დასაწყისიდანვე უკვე არის საუბარი ნაძვისხის მორთვაზე. ახლა მოდაში შემოვიდა ნაძვის ხის ასე ადრე დადგმა, რომ მერე ფოტოებით facebook-ზე „იმარიაჟონ”. ამ მხრივ ტრადიციული ადამიანი ვარ, ჩემს ბავშვობაში ნაძვის ხეს ვრთავდით 20 დეკემბრის შემდეგ, აქედან გამომდინარე, ძალიან მიჭირს იმ ფაქტთან შეგუება, რომ ნაძვისხეს დეკემბრის დასაწყისში რთავენ. ჩვენს ოჯახში ბავშვების სურვილს დავნებდები და ოჯახშიც შედარებით ადრე ირთვება ნაძვის ხე. ერთმნიშვნელოვნად ბავშვები განსაზღვრავენ ამ განწყობას. ნელ-ნელა მთელი ქვეყანა, დაახლოებით 15-17 დეკემბრის შემდეგ საახალწლო რეჟიმზე და მოლოდინზე გადაერთვება ხოლმე. აღარავის აინტერესებს პოლიტიკა, დამღლელი და რთულ თემები. ყველა ფიქრობს იმაზე, როგორ იყოს კარგ ხასიათზე, როგორ შეინარჩუნოს ეს სასიამოვნო განწყობა”, – აღნიშნავს გიორგი ახვლედიანი.

საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ქანთარია 2015 წელს საქართველოს სტაბილურობას, მშვიდობას და ყველანაირ სიკეთეს უსურვებს.
„ეს დღესასწაული ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელია, მეც არ გამოვირჩევი. ახალი წელი ეს არის სიახლის მოლოდინი, დადებითი ემოციების მომტანი, ჯერჯერობით ეს განწყობა მომყვება. მითუმეტეს, მყავს შვილიშვილები, რომლებიც უფრო მიმაღლებენ ამ განწყობას.

ახალი წლის დღესასწაულს ძირითადად ოჯახში ვხვდები. არ მახსენდება, რომ რესტორანში ან სადმე სხვაგან შევხვედროდი. მახსოვს წლები, როდესაც საქართველოში არ ვიყავი და სრულიად მარტოც შევხვედრილვარ. ძირითადად, მაინც ვცდილობ, ტრადიციულად ოჯახთან ერთად შევხვდე და აღვნიშნო ეს დღესასწაული.

საქართველოს ვუსურვებ იმ დიდი გამოწვევების გადალახვას, რაც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში არსებობს. პირველ რიგში, ვისურვებდი სტაბილურობას, მშვიდობას და ყველანაირ სიკეთეს”, – აღნიშნა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორთან” საუბარში.

დადებითი ემოციები!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.

„გილოცავთ დამდეგს! 2015 წელს მინდა გისურვოთ მეტი პოზიტივი, სიყვარული და დადებითი ემოციები! წარმატებულები იყავით ყველა თქვენს წამოწყებაში!”- აღნიშნულია გიორგობიანის მისალოც განცხადებაში.
სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

“გილოცავთ ახალ 2015 წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს. ვისურვებდი, ახალმა წელმა ქვეყანაში მშვიდობა, თანხმობა, შემწყნარებლობა, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა მოიტანოს. ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. განსაკუთრებით მათ, ვისაც ნაკლებად ეზეიმება და არაერთი პრობლემა, შელახული უფლებები და სოციალური სიდუხჭირე აწუხებს ახალ წელსაც. მე და ჩემი აპარატი გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას თქვენი უფლებების დასაცავად”, – აღნიშნულია ნანუაშვილის მიმართვაში.

ყოფილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, დავით დარახველიძე საზოგადოებისთვის ახალი წლის მისალოც განცხადებას ავრცელებს და ქვეყანას წინსვლას უსურვებს.
„ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმხნევეს, წარმატებებს პირად ცხოვრებასა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში.
საქართველოსათვის 2015 წელი ყოფილიყოს განსაკუთრებული წინსვლის და შედეგის მომტანი, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე ისე საშინაო საქმეებში.
ხვავი, დოვლათი და ბარაქა დაგბედებოდეთ!”- აღნიშნულია მისალოც განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში საზოგადოებისთის ახალი წლის მისალოც განცხადებას ავრცელებს.

„გილოცავთ ახალ 2015 წელს!
გისურვებთ გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრებას. წინსვლის და წარმატების წელი ყოფილიყოს მთელი საქართველოსთვის!”- წერს ჩიქოვანი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე საზოგადოებას, აფხაზ და ოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ 2015 წლის შემობრძანება! გისურვოთ მშვიდობა, წარმატებები და კეთილდღეობა თქვენს ოჯახებთან ერთად!
მჯერა, რომ 2015 წელი იქნება გამარჯვებების და წარმატებების მომტანი. ვულოცავ ახალ წელს თითოეულ ჯარისკაცსა და პოლიციელს, რომლებიც თავდაუზოგავად და უანგაროდ ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს!
ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! საუკეთესო სურვილებით მინდა მივულოცო ახალი წლის დადგომა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს!”- აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი საქართველოს მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და ბედნიერ მომავალს უსურვებს.

„გილოცავთ, დამდეგ შობა-ახალ წელს! წარმატებული და ბედნიერი ყოფილიყოს ეს წელი თქვენს საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში!
თქვენთან ერთად, უკეთესი მომავლის იმედით!”- აღნიშნავს ჩოჩელი.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს:
“ახალ წელს გილოცავთ ყველას – ნაცნობს და უცნობს, თანამოაზრეს და ოპონენტს, მართალს და მტყუანს. ახალი 2015 წელი თითოეული ჩვენგანისთვის, განურჩევლად ჩვენი ვინაობისა და რაობისა, ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლის ერთი კონკრეტული მონაკვეთია. გისურვებთ ყველას, ახალ 2015 წელს გავცეთ მეტი სიყვარული, ვიყოთ მეტად თავისუფალნი და უფრო ღირსეულად გავუმკლავდეთ სიხარულსაც და განსაცდელსაც. თუ ამას შევძლებთ, ჩვენთან ერთად ჩვენი სამშობლოც წელში გაიმართება!”, – აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

საკრებულოს ისტორიულ შენობაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებს და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს  ახალი წელი მიულოცა:

„ძალიან მალე ჩვენ გავაცილებთ 2014 წელს და შევაბიჯებთ 2015 წელში. დღევანდელ დღეს ყოველთვის განსაკუთრებულად ველით. ეს სადღესასწაულო ღამე ყველას გვაერთიანებს და სიყვარულით გვავსებს.

სანამ ახალ, 2015 წელს სურვილებს ჩავუთქვამდეთ, ღირსეულად გავაცილოთ ძველი წელი, რომელიც სავსე იყო ემოციებით.

დამდეგი 2015 წელი კი სიახლის, იმედისა და სიხარულის მომტანი უნდა იყოს. მთავარია გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ერთად დგომით და ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ ქალაქისათვის სასიკეთო საქმეების კეთებას.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მსურს სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით თბილისელებს მივულოცო ახალი წელი. დაე, იგი ყოფილიყოს მშვიდობის, წინსვლის, კეთილდღეობის, ხვავისა და ბარაქის წელი.

ასევე ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ მათი გულებისკენ მიმავალი გზების მოძებნას”.

„თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია მოსახლეობას, ჯარისკაცებსა და თავდაცვის უწყების მიერ დაკავებულ მაღალჩინოსნებს ახალ წელს ულოცავს. ალასანია საკუთარი პარტიის წევრებსაც მიმართავს:

“გილოცავთ 2015 წელს წელს. გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ევროკავშირთან, NATO-სთან, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო დაცული იქნება, თითოეული მოქალაქე იგრძნობს უსაფრთხოებას.

მინდა, განსაკუთრებულად მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, ჩვენს სამხედროებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისგან შორს იცავენ ამ უსაფრთხოებას. მინდა, ვუსურვო მათ სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება. ასევე მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს წელი თავდაცვის სამინისტროს ხუთ დაკავებულ თანამშრომელს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ სიმართლე თავის გზას იპოვის და ძალიან მალე ისინი დაუბრუნდებიან ოჯახებს, გააგრძელებენ საკუთარ საქმეს და საკუთარი ქვეყნის სამსახურს.
ასევე მინდა, დღეს მივმართო “თავისუფალ დემოკრატებს”, პარტიას, რომელიც ერთგულებით აგრძელებს საკუთარი ქვეყნის სამსახურს. მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები. როგორც განსაკუთრებული ალტერნატიული ძალა ჩვენ დავამარცხებთ იმ პოლიტიკას, რომელიც სიძულვილზე და შურზეა დაფუძნებული. ჩვენ შევძლებთ რომ ქართულ პოლიტიკაში გადავიტანოთ ყურადღება მომავალზე. სწორედ ეს იქნება ჩვენი პარტიის საკეთებელი საქმე 2015 წელს. გილოცავთ შობა-ახალ წელს, გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს ჩვენი ოჯახების და სამშობლოს მფარველი”, – აღნიშნავს ალასანია.

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია  შობა-ახალ წელს მოსახლეობს ულოცავს:

„ჩემო სამშობლოვ, ჩემო უახლოესებო, ჩემო თანამოქალაქენო – შობა-ახალ წელს გილოცავთ ყველას!
უფლის წყალობა, მადლი, სიხარული, ჯანის სიმრთელე, სიყვარული, სითბო , ბედნიერების ულევი წუთი არ მოგაკლდეთ. განსაკუთრებით ვულოცავ ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს, მიტოვებულ პატარებს და შეჭირვებულებს. მათ მინდა ვუსურვო ყველაზე მეტი სიხარული…. რაზე ვოცნებობ? სამშობლოს გამთლიანებაზე! ეს მინდა ვუსურვო ჩემს სამშობლოს რაც შეიძლება მალე.
ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს. ერთად გვჭირდება სიხარული და წარმატებები. მჯერა უკეთესი წელი მოდის. მეტი სიყვარული გვჭირდება ერთურთის, მეტი თანადგომა და შეხიდება… მეტი განცდა სხვისი განცდის… მჯერა ყველაფერს შევძლებთ ერთად და სიყვარულით! გილოცავ ჩემო სამშობლოვ! გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს!” – აღნიშნავს ეკა ბესელია.

„ხანდახან მინდა ვთქვა: დავიღალე! როდის მორჩება? თუმც ეგრევე გავაცნობიერებ და დავდუმდები. და ვხედავ, რომ დაღლილობაც გონების მდგომარეობაა მხოლოდ. ისეთივე წარმავალი, როგორც სხვა დანარჩენი”, – აღნიშნულ კომენტარს ცოტნე გამსახურდია facebook-ის პირად გვერდზე წერს და მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს ულოცავს:

„ასე, მოვიდა 2015 წელიც… არ ვიცი, რის ბრალია – ასაკის თუ იმის, რომ სად და რა ვითარებაში აღარ შევხვედრივარ ახალ წელს – საერთოდ არ მაქვს ის, ბავშვობისდროინდელი განცდა რაღაც ზღაპრულის, საზეიმოს, და ილუზორულობის, პრინციპში…

ასე, ერთი კვირის წინ, ერთს რომ არ ეთქვა, საცაა ახალი წელიაო, აღარც მახსოვდა; იმ გაგებით, რომ არ მქონდა გაცნობიერებული მისი სიახლოვე.

და მაინც, თუ შევადარებ 2012 წლის ბოლოს, როცა აქ გამოვჩნდი, უნდა ვთქვა, რომ უკეთესისკენაა საქმე:

უკეთ ვსწავლობთ დისკუსიას, ნაკლები ფანატიკოსი და ანგაჟირებულია. ადამიანები მეტად ცდილობენ ყურადღება დაუთმონ მსჯელობას და არა – პოსტულატებს… მცირდება აგრესია… თუმცა, ეს ყველაფერი ალბათ არ ხდება ისე სწრაფად, როგორც საჭიროა – ოცდამეერთე საუკუნეში. ჩვენ არ გვაქვს დღეს საუკუნეები ტრანსფორმაციისთვის. არც ათწლეულები. სანამ ჩვენ გონს მოვალთ, დღევანდელი ცხოვრების რიტმისა და ინტენსივობის გათვალისწინებით, შეიძლება იქამდე გავქრეთ პირისაგან მიწისა და ეს იქნება კანონზომიერი.

და ბოლოს, მეც უკეთა ვარ, ვიდრე შარშან ვიყავი; შარშან – უკეთ, ვიდრე შარშანწინ და ასე, ნელნელა წინ მივდივართ ალბათ კიდევ ერთი წელი დამჭირდება. მერე რა იქნება, ვერ გეტყვით. მოკლედ, ვნახოთ. გილოცავთ დამდეგს!” – წერს გამსახურდია.

ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს:

„ვარ კარგად. ბედნიერი. მიხარია ყველაფერი. წყენის დროს 1-2 წუთი და მავიწყდება ყველაფერი, არ შემიძლია დარდი.
ვარ მადლიერი ყველა იმ ადამიანის, ვინც გვერდში მიდგას და ჩემი გულშემატკივარია. მადლიერი ვარ მაყურებლის ვისაც ვუყვარვარ. ცოტახანს ვწუხვარ იმათზე, ვისაც არ ვუყვარვარ და მაინც მიყურებს. რაც შეეხება ახალ წელს: ცოტა დაუჯერებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ ყოველი დღის გათენება ჩემთვის ახალი წელია.
2015 წელს ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, წარმატებას და სურვილების ასრულებას.
გადავწყვიტე, ამ ახალ წელს არავის არ ვაჩუქო საჩუქარი, მათ შორის არც ოჯახის წევრებს.
ბოლო 10 წელია 31 დეკემბერს საღამოს 10 საათიდან ოჯახისწევრები მიდიან სტუმრად, მე მაცვია სპორტულები, დიდი ჯამით მიდგას მზესუმზირა, ვაკნატუნებ და დილამდე, ბედნიერი და ნეტარი ვუყურებ ტელევიზორს.
გულით მინდა ყველა ბედნიერი და გახარებული იყოს. ბედნიერი და გახარებული ადამიანი ნაკლებად აგრესიულია. მე გისურვებთ, მთელი ცხოვრება საზეიმო განწყობა გქონდეთ,” – წერს გია ჯაჯანიძე.