“მთავრობამ ან ვერ გაიგო ჩემი განცხადების შინაარსი, ან უუნარობის გამო გაჩუმება არჩია”

ნინო ბურჯანაძენინო ბურჯანაძის განცხადებით, უცნაურია, რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჯერ კიდევ არ მოჰყოლია სერიოზული გამოხმაურება საქართველოს მთავრობის მხრიდან.

„არ მესმის – ისინი ვერ მიხვდნენ ამ განცხადების მნიშვნელობას, თუ გამომდინარე იქიდან რომ თავად არ აქვთ თავი ამ განცხადების რეალიზებისა, გაჩუმება არჩიეს. ერთიც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მეორეც,“ – განაცხადა გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

მისი თქმით, დღეს საზოგადოების ინტერესი უნდა იყოს მიპყრობილი იმ ინიციატივაზე, რომ საქართველოს მთავრობამ, შესთავაზოს რუსეთსა და თურქეთს ახალმა გაზსადენმა საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს.

„ეს ნამდვილად ისტორიული შანსია ქვეყნისათვის, ამოვიდეს უმძიმესი მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა იმყოფება. ეს არის რეალური შანსი იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაალაგოს ურთიერთობები მეზობლებთანაც და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე სხვა სახელმწიფოებთანაც, რომლებიც ჩვენს სამეზობლოში არ არიან და მოიპოვოს სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების შესაძლებლობა.“

ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა ნინო ბურჯანაძის გუნდის წევრების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნასთან დაკაშირებით შეშფოთებულია, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არ აპირებს რაიმე კომენტარის გაკეთებას „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებზე, რადგან თვლის რომ ეს არის დამნაშავე ორგანიზაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი მორალური თუ იურიდიული უფლება მოქმედ პოლიტიკურ ძალად იყოს წარმოდგენილი.

„მე არ მაინტერესებს რაზე შფოთდება „ნაციონალური მოძრაობა“, მე ვიცი რომ ამ მოძრაობის ლიდერმა და მისმა ქმედებებმა დააქცია ქვეყანა და 2008 წლის ომი მოახვია თავს. ჩვენ როცა მოვალთ ხელისუფლებაში ვუზრუნველყოფთ იმას, რომ სამართლიანობა აღდგეს ქვეყანაში, ასე რომ „ნაციონალიური მოძრაობის“ შიში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის მიმართ ნამდვილად საფუძვლიანია.“