ივანიშვილმა პრეზიდენტზე და „რესპუბლიკელებზე“ იხუმრა

ბიძინა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილმა ფარული მოსმენებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და “რესპუბლიკელების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე იხუმრა.


ყოფილი პრემიერის თქმით ხელისუფლებას ერთადერთი “რეფორმების ექსპორტში” ჰქონდა ჩავარდნა და “რესპუბლიკელებისა” და პრეზიდენტის აქტიურობით ისიც “ანაზღაურებულია”.
“ერთადერთი ჩავარდნა, რაც ჩვენ გვქონდა, რეფორმების ექსპორტია. “ნაციონალური მოძრაობის” შემდგომ ეს მიმართულება, პრაქტიკულად, გაჩერებული იყო. საქართველოში რეფორმების ექსპორტს ვერ ვახერხებდით, “ნაციონალები” კი გვარწმუნებდნენ, რომ ლამის ამაზე ცხოვრობდა საქართველო. დღეს “რესპუბლიკელების” და პრეზიდენტის აქტიურობით შეგვიძლია ეს ჩავარდნა ავინაზღაუროთ და რამდენიმე სიახლეს რეალიზება გავუკეთოთ. ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ და იმედია, ამ ხუმრობას გაიგებთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ფარული მოსმენების საკითხზე პრეზიდენტის და “რესპუბლიკელების” მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის “ხუმრობას” დეპუტატი თინა ხიდაშელი ეხმაურება და ამბობს, რომ მან ზუსტად მიხვდა თუ რას გულისხმობდა ივანიშვილი “ერთი რამ შემიძლია გითხრათ, საერთოდ, ხუმრობებზე კომენტარს არ აკეთებენ. ხუმრობა აღვიქვი, ზუსტად მივხვდი, რაც იგულისხმა, მეც გამეცინა და სასიამოვნოა. უფრო სასიამოვნო იყო აღნიშნულ თემაზე მისი განცხადების მეორე ნაწილი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული რეფორმა არ დასრულებულა, რომ შესაბამისი კანონი დასახვეწია და მასზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. ეს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის განცხადებაა, რომელმაც იცის ფასი პრობლემისაც და პრობლემის მოგვარებისაც. ბუნებრივია, მივესალმები ყველა ადამიანს, ვისაც მსგავსი დამოკიდებულება გააჩნია მნიშვნელოვანი და სერიოზული თემების მიმართ. ერთი წამით არ გამკვირვებია და ეჭვი არ შემპარვია, რომ ბიძინა ივანიშვილს ასეთი პოზიცია ექნებოდა”, – განაცხად თინა ხიდაშელი.

ფარულს მოსმენებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რა დროსაც ყოფილმა პრემიერმა „რესპუბლიკელების“ და პრეზიდენტის ინიციატივაზე იხუმრა კიდეც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება. დავით საგანელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა , რომ უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტომ აიძულა ნაჩქარევად მიეღოთ კანონი , რის გამოც ის შესაძლოა ყველას არ მოსწონდეს.

„არ არსებობს კანონი , რომელიც ყველას მოსწონს. იშვიათია ასეთი კანონები. მითომეტეს როდესაც საკითხი ეხება ესეთ სენსიტიურ თემებს რასაც მოსმენების საკითხი ჰქვია, იმიტომ რომ ხალხი გაწამებული იყო წლების განმავლობაში ამ თემით. ძალიან ცუდია ის რომ ამ საკითხის გადაწყვეტა, ამ კანონის მიღება, როდესაც ჩვენ ვითხოვდით ვადას თებერვლის ბოლოს პირველი ვეტოთი პრეზიდენტმა გაგვისაზღვრა დეკემბერი. და ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ფაქტიურად ერთ თვეში არც კი მიგვეღო კანონი და შეუძლებელია ასეთი კანონი იყოს ყველასთვის მისაღები. მაშინ როდესაც იყო არგუმენტები, რომ დეკემბერში იმართება ევროკავშირის ქვეყნების სპეციალური კონფერენცია , რომელიც მხოლოდ ამ თემაზეა მიძღვნილი, რომ ის რომ ყველა ქვეყანას სხვადასხვა სისტემა აქვს და ევროპაც ვერ თანხმდება, რომელია უფრო იდეალურთან მიახლოებული მოდელი, ამაზე ეხლა მსჯელობენ და ჩვენ გავასწარით სულყველას“,-განაცხადა დავით საგანელიძემ.