ივანიშვილის პასუხი ჟურნალისტს, რომელმაც ლარის კურსზე ჰკითხა: არაფრისგან გინდათ აჟიოტაჟის შექმნა

ბიძინა ივანიშვილიდოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც, – ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით გააკეთა. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნულთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა უპასუხა, რომ არაფრისგან უნდათ აჟიოტაჟის შექმნა.

“ერთ კვირაში ხდება რაღაც, უამრავი განცხადება გაკეთდა. არავითარი აჟიოტაჟი არ არის, ეკონომიკა არის მყარი, ლარის კურსი მერყეობს, დოლარი მყარდება ბევრ სახელმწიფოში, მსგავსი ხდება საქართველოშიც. განმარტებები ფინანსთა მინისტრმა და სხვებმა გააკეთეს. ყველაფერი ნორმალურია, არაფერს არ ნიშნავს ცუდს, კარგად მუშაობს მთავრობა”, – განაცახადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩონოსნების უკრაინაში თანამდებობებზე დანიშვნით უკრაინასთან ურთიერთობა არ გაფუჭდება. “მე არ ვთვლი, რომ ამით უკრაინასთან ურთიერთობა გაფუჭდება. თეორიულად, ჩვენ უნდა მივესალმოთ ჩვენი ყველა მოქალაქის წარმატებას, სადაც არ უნდა იყოს. გასაგებია ის ემოციური დამოკიდებულება, რაც საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს და რაზეც ბოლო დროს განხილვა მიდის. ის, რომ თანამდებობებზე დაინიშნენ ისინი, ვისაც საქართველოში წარმატებისთვის არ მიუღწევია, რა თქმა უნდა, მეც ვუსურვებდი მათ, რომ შეცდომები, რაც მათ საქართველოში დაუშვეს, უკრაინაში აღარ გაემეორებინათ და იქ ჭეშმარიტი არაფორმალური, არაყალბი წარმატებისთვის მიეღწიოს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას არ აქვს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ქვეყანა კულისებიდან მართოს. ივანიშვილის განმარტებით ამის მაგალითი საქართველოს პრეზიდეტია, რომელმაც მასთან ურთიერთობა არ ისურვა.
“ვინც იცის, რა არის სახელმწიფოს კულისებიდან მართვა, მას უნდა ჰქონდეს ამის ბერკეტი, მე ეს ბერკეტი არ გამაჩნია. ამის მაგალითი გახლავთ პრეზიდენტი, რომელმაც არ მოისურვა ჩემთან ურთიერთობა. მე არ მაქვს ბერკეტი უსუფაშვილი, ღარიბაშვილი ან პარლამენტი ვმართო. არც ჩანაწერებს ვფლობ და არ გაქვთ ალბათ ამაზე ეჭვი. არც არანაირი ბერკეტი გამაჩნია, არც ნათესაური. ვისაც მოესურვება შევა პოლიტიკაში, ეს აბსოლუტურად მიღებულია. მე არანაირი ბერკეტი არ გამაჩნია, რჩევებშიც ვერ მივიღებ მონაწილეობას, საწყენია როდესაც გუშინდელი პარტნიორები ასეთ განცხადებას აკეთებენ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოსმენების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ კარგია რომ “გასაღები” შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს. ივანიშვილის თქმით მისთვის მისაღებია ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი. „ევროპაში ყველგან ასეა და სულ ღელავენ მოქალაქეები, მაგრამ ეს სწორი პრეცედენტია,“ – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. პარლამენტში კანონზე მუშაობის წინაპერიოდს ბიძინა ივანიშვილი დემოკრატიულად და დადებითად აფასებს. „საქართველოც არ არის გამორჩეული, მაგრამ ჩვენ ვართ უარესების რიცხვში. რა თქმა უნდა, შეძლეს ის, რაც შეძლეს და ეს იყო დემოკრატიულობის ტრიუმფი, თუ ნახეთ, რაც ხდებოდა პარლამენტში. ყველა მოქალაქემ თუ პარტიამ საკუთარი უნარის ჩვენება მოახერხა. ამას ჰქონდა ძალიან დიდი პლუსი. ყველა კანონი განვითარებას საჭიროებს და ალბათ, კიდევ გვაქვს დრო, მომავალში ეს კანონი დაიხვეწოს, საზოგადოებაც უფრო დაწყნარდეს და უფრო დაბალანსებული კანონი მივიღოთ. ნახევრად იუმორით გეტყვით, კიდევ რაც ჰქონდა პოზიტივი ამ კანონის განხილვას: „რესპუბლიკელებმა“ და პრეზიდენტმა მოახერხეს და ძალიან მოკლე დროის განმავლობაში ახალი პროექტების ბევრი ვარიანტი წარმოგვიდგინეს“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პროექტი ტელეკომპანია GDS-ზე, სავარაუდოდ, თებერვლიდან გავა – ამის შესახებ ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს თავად ბიძინა ივანიშვილმა მიაწოდა. “მზაობა, პრინციპში, გვაქვს. ვაპირებდი, წლის ბოლომდე რომ შემდგარიყო პროექტი. ახალი წლები ემთხვევა, მოგეხსენებათ, როგორია იანვარი. ალბათ, თებერვლიდან ეს პროექტი გავა. შესაძლოა, GDS-მა გადაწია პროცესი, რამდენადაც საჩქარო არ იყო. პროექტზე აქტიურად ვმუშაობთ. ჩემი აზრით, თებერვლიდან უკვე გამოვალთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.