კანდელაკი: „ტრიპოლსკის საქციელი, ასახავს იმ განწყობებს, რაც ამ გუნდის უმრავლესობაშია.“

გიორგი კანდელაკი

საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიორგი კანდელაკის აზრით, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა ევროპარლამენტარებზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინეს.

კანდელაკი ირაკლი ტრიპოლსკის მიერ სხდომიდან გასვლის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ტრიპოლსკის საქციელი, ასახავს იმ განწყობებს, რაც ამ გუნდის უმრავლესობაშია.

“მე ვსაუბრობდი დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმაზე და იმის საჭიროებაზე, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ იფიქროს არა წარსულზე, არამედ მომავალზე, რა დროსაც ირაკლი ტრიპოლსკი წამოხტა, დაიწყო ყვირილი, გამოთქვა მიუღებლობა ჩემი მოსაზრებებისა და გავარდა ოთახიდან. ვფიქრობ, ბატონი ტრიპოლსკის საქციელი, რომელიც წარმოადგენს საპარლამენტო უმრავლესობის ანტიდასავლურ ბირთვს, რომლებიც სინამდვილეში შეადგენენ კიდევ უმრავლესობის უმრავლესობას, არის სიმპტომური და კარგად ასახავს იმ განწყობებს, რაც არის ამ გუნდის უმრავლესობაში. სწორედ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ის დეპუტატები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდებიან ხოლმე ტელეეკრანებზე”, – აღნიშნა კანდელაკმა.

მისივე თქმით, დავით ონოფრიშვილის გამოსვლაც ძალიან არაკვალიფიციური და ემოციური იყო.

“ონოფრიშვილს ყვირილი არ დაუწყია, მაგრამ მისი კომენტარიც იყო ძალიან შეუსაბამო, არაკვალიფიციური, საკმაოდ ემოციური და შურისძიების წყურვილით აღსავსე, რამაც, ჩემი აზრით, ევროპარლამენტარებზე ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა”, – განაცხადა კანდელაკმა.

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო თანამშორმლობის კომიტეტის სხდომა დღეს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ტრიპოლსკიმ პროტესტის ნიშნად დატოვა.